„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
იმერელი ქალები, 17:00 საათზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში (თეთრ
ხიდთან) შეიკრიბებიან და თეატრისკენ მარშს მოაწყობენ. ამით ისინი
კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პარლამენტს, გაიწვიონ რუსული კანონი.
„რუსული კანონით ვერ დაგვადუმებთ ამ ქვეყნის ამომრჩეველ 53% ქალს!
ჩვენი ხმა არის ყველა ქალის ხმა: ემიგრანტი და მარტოხელა დედების,
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური
უმცირესობის ქალების, შშმ ბავშვების დედების და თავად შშმ ქალების,
ხანდაზმულების, ახალგაზრდების, ძალადობაგამოვლილი, დევნილი, ქვიარი,
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები და ყველა იმ ქალის ხმა, ვისაც ჩვენი
ქვეყნის ისტორიის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი ეროვნული მისია
შეუსრულებია!
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელიც სათანადოდ არასდროს იცავდა
ქალების უფლებებს, რუსული კანონით კი საბოლოოდ გვდევნიან ყველა
სივრციდან. ჩვენ ვეღარ გაგაგონებთ ხმას, როდესაც განვიცდით ძალადობას,
ვითხოვთ მკურნალობას, ჩვენს შვილებს სჭირდებათ წამალი, ონკოპაციენტი
ქალები და ოჯახის წევრები ითხოვენ შველას ან სხვა პრობლემის წინაშე
ვდგავართ. რამეთუ არც პარლამენტში იქნებიან ჩვენი ინტერესების
დამცველები და არ იარსებებს არც დამოუკიდებელი მედია, რომ თქვენ და
ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა!
20 აპრილს, ქალთა მოძრაობა მთელ საქართველოში გავმართავთ მარშს და
ვაფრთხილებთ ყველას, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია! არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მარში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, გორში, მარნეულში,
ახმეტაში, ბოლნისში, წნორსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში
გაიმართება.
„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს
მიიღი. მას 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები