„ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის
შესახებ“ კონსტიტუციური ცვლილებები მოამზადა.
აღნიშნულ ცვლილებებზე, რომელიც მმართველმა პარტიამ დააინიცირა,
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია, ერთი მხრივ, დაცული იყოს
ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი
არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ მათ
და მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად დავიცვათ ოჯახური
ღირებულებები და მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის
მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.
მდინარაძის თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, ჯერ საკონსტიტუციო
ცვლილებები დააინიცირონ, სადაც "ოჯახურ ღირებულებათა და
არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები" გაიწერება, ხოლო შემდეგ,
შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებიც.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კანონპროექტი შემდეგ
ცვლილებებს ითვალოისწინებს:
1. კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული
მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი
გენეტიკური მამაკაცის და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს
ითვალისწინებს.
2. არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია
მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად
ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ.
3. აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი
სამედიცინო ჩარევა.
4. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ
დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც
მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება.
5. ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი
გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების
გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს.
6. აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან
ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან
არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან
მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო
ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების
პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
7. აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა
მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური
ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი
პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის,
სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი
ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის
მიმართული.
8. აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების
სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც
ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის,
ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ
არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის
შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით
განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის
მიმართული.
მისი განმარტებით, იმედი არ აქვთ, რომ ოპოზიცია ამ საკონსტიტუციო
ცვლილებებს მხარს დაუჭერს, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ახლა თუ
არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც იყოს უზრუნველყოფილი მისი
მხარდაჭერა, ხოლო კანონებში ცვლილებები მიმდინარე წელს გარანტირებულად
იქნება მიღებული.
საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, აქედან "ოცნებას" 76 მანდატი
აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად კი 113 ხმა
სჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები