ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლაში არსებულ ჭიდაობის დარბაზში მშობლები
ანტისანიტარიის შესახებ საუბრობენ.
მათი თქმით, ამის გამო ბავშვებს სოკოვანი დაავადებები გაუჩნდათ.
„ჩემი შვილი დადის ჭიდაობაზე. არის ანტისანიტარია, იმის გამო,
რომ ხელსაბანიც და საპირფარეშოც საშინელ მდგომრეობაშია, ბავშვებს
სოკოვანი დაავადებებიც გაუჩნდათ. შეწუხებულები ვართ, ნამდვილად არ
გვინდა, დაგვიავადმყოფდეს შვილები“,- ამბობს ერთ-ერთი
მშობელი იზა ხუხია.
„იქნებ მოგვაქციონ ყურადღება. ამ ზაფხულზე მაინც შეარემონტონ
ცოტა, რომ სექტემბერს ნორმალურ მდგომარეობაში დახვდეს ჩვენს შვილებს
დარბაზი“,- განმარტავს გურანდა ქიმუცაძე.
24-ე საჯარო სკოლის დირექტორი ელიზბარ ბარბაქაძე აცხადებს, რომ
ჭიდაობის დარბაზი გაიჯარავებული აქვთ. ამასთან, მისივე თქმით, სკოლის
სრული რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია და შესაბამისად, დარბაზიც
გარემონტდება.
„ჩემთვის არავის არ მოუმართავს ამ საკითხთან დაკავშირებით.
საერთოდ, სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი და უნდა გარემონტდეს,
მოლოდინის რეჟიმში ვართ“,- ამბობს დირექტორი.
ჭიდაობის დარბაზი იჯარით ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა
გაერთიანებას აქვს აღებული, სადაც ამბობენ, რომ აღნიშნული დღეში
ორჯერ სუფთავდება, შესაბამისად, იქ რაიმე საფრთხე გამორიცხულია.
გაერთიანებაში განმარტავენ, რომ დაბაზში ვარჯიშები აღარ არის, რადგან
ბავშვები სექტემბრამდე ისვენებენ.
მასალის გამოყენების პირობები