სკვერი, რომელიც ქუთაისის მერიამ გრანდიოზულად გახსნა, დაუსრულებელია.
საუბარია, ერთი კვირის წინ, მუხნარის ტერიტორიაზე გახსნილ ახალ
რეკრეაციულ ზონაზე.
ქალაქის მერმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად,
სკვერის მხოლოდ ის ნაწილი გახსნა, რომელიც რეაბილიტირებულია,
სინამდვილებში კი ობიექტი სრულად კეთილმოწყობილი არ არის.
შესაბამისად, მერიის მიერ გავრცელებულ ფოტოებში მხოლოდ ის მონაკვეთია
აღბეჭდილი, სადაც სამუშაოები დასრულებულია.
მერის წარმომადგენელი მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში ნანა
მეგრელიშვილი გვიდასტურებს, რომ სკვერის მოწყობის სამუშაოები დღემდე
გრძელდება.
"ამ წუთშიც არიან, ამუშავებენ (მიწის ნაკვეთს), ნაწილზე დათესილია
კოინდარი და ნაწილის დამუშავება (კოინდარის მოთესვა) ახლა
მიმდინარეობს“, - განმარტავს ის.
თუ რატომ გახდა აუცილებელი ჯერ კიდევ დაუსრულებელი რეკრეაციული
სივრცის გახსნა, ამაზე მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ „მოსახლეობის
მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნა იყო“.
პროექტი 900 ათასამდე ლარი დაჯდა და რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდმა (რგპფ) დააფინანსა.
რეაბილიტირებულ ნაწილში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და საბავშვო
ატრაქციონები, დამონტაჟდა ახალი საპარკო სკამები, განთავსდა
ფანჩატურები. გაკეთდა ლაბირინთი, იაპონური კვიდოს ჯიშის ბუჩქებით.
სკვერი განათდა დეკორატიული ლამპიონებით და შემოისაზღვრა დეკორატიული
ღობით.
მასალის გამოყენების პირობები