მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" იმ მიწების დაბრუნებას
ითხოვს, რომელიც კომპანია "ენკამ" წლების წინ, ნამახვანჰესის
მშენებლობის მიზნით მოსახლეობისგან შეისყიდა.
მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის
ვარლამ გოლეთიანის თქმით, იმის გამო, რომ
ტერიტორია კერძო კომპანიის საკუთრებაა, ხელისუფლებას
მოსახლეობისთვის კომუნიკაციების მოწესრიგების უფლება
არ აქვს. კერძოდ, აქ არც გზა, არც
ბუნებრივი აირი და ინტერნეტია შეყვანილი.
საუბარია ხეობის 28 კმ-იან მონაკვეთზე, რომელშიც ასევე შედის
სტრატეგიული მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის დამაკავშირებელი
საავტომობილო გზა.
„წელიწადი და რვა თვეა კომპანია გასულია აქედან, თუმცა დღეს კიდევ ის
წყვეტს და განაგებს, რიონის ხეობაში გზა დაიგება, გაზი გავა,
ინტერნეტს შემოიყვანენ თუ ა.შ. ამ პროცესს არის მინდობილი ადგილობრივი
მოსახლეობის ბედი. ხელისუფლებას კი ხელები აქვს დაბანილი, ოფიციალურად
გვეუბნება, რომ ეს მონაკვეთი "ენკას“ საკუთრებაა და
მოკლებულები ვართ შესაძლებლობას ნებისმიერი კომუნიკაცია
შევიყვანოთო.
მოსახლეობის ინტერესი რაც არის უნდა დაკმაყოფილდეს, რომ გზა იყოს და
ადამიანებმა თავიანთ საცხოვრებლამდე, ელემენტარულად, მისვლა
შეძლონ. ის, რაც ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტა იყო, (თავის
დროზე ვამბობდით ჩვენ, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზა არ
შეიძლება გადასცემოდა კერძო კომპანიას), ბუნებრივია ვითხოვთ, მის უკან
დაბრუნებას“, - ამბობს მოძრაობის ლიდერი.
ვარლამ გოლეთიანი ხელმოწერებს აგროვებს "იმის პასუხად, რომ
მოსახლეობა არ ეთანხმება მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომ აქ
კომუნიკაციები თურმე იმიტომ არ უნდა გაიყვანოს, რომ „ენკას“
ეკუთვნის“, - განმარტავს ის.
მისივე თქმით, რიონის ხეობის სოფლებში ასობით ხელმოწერა უკვე შეაგროვა, ანალოგიურს აპირებს რაჭაშიც,
მალე კი შესაძლოა, მოსახლეობას ხელმოწერებზე წვდომა ელექტრონული
ვერსიითაც ჰქონდეს.
რიონის ხეობაში მოსახლეობა ნამახვანჰესის აშენებას 550 დღე
აპროტესტებდა. ამ დროის მანძილზე, ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე
კარვები იყო გაშლილი. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"
წევრები აცხადებდნენ, რომ ნამახვანჰესი მნიშვნელოვნად დააზიანებდა
გარემოსა და შეცვლიდა კლიმატს, გარდა ამისა, ჰესის მშენებელ
კომპანიასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში
დათმობილი იყო სახელმწიფოს ინტერესი.
პროტესტის შედეგად გასაჯაროებული დოკუმენტებით, ცნობილი გახდა, რომ
იუსტიციის სამინისტროს ნამახვანჰესზე უარყოფითი დასკვნა ჰქონდა
გაცემული, ფინანსთა სამინისტროს კი ასეთი დოკუმენტი საერთოდ არ
მოუმზადებია.
ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ "ენკამ" სახელმწიფოსთან
გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები