პარლამენტში ე.წ „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ „რუსულ
კანონპროექტს“ საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა, გარეოში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა,
ეს კანონი საზიანო იქნება საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის,
გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და საქართველოს ევროინტეგრაციის
გზისათვის.
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური
საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიის გახსნას დაესწრო,
აღნიშნული განცხადებაც სწორედ აქ გააკეთა.
"ახლახანს გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო
საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული
ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად
იყოს გაგონილი. ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ
წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების
თავისუფლებას შეზღუდავს (და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი
ქალ აქტივისტებს უჭირავთ), უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი
საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის
აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის. აქედან
გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა
უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც
დავაფიქსირო",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა „რუსული კანონპროექტის“ შესახებ თავისი
მოსაზრება, რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებთანაც დააფიქსირა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს კანონი საქართველოს აშორებს
ევროპას და მისი მიღების შემთხვევაში
ვეტოს დაადებს.
საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება
საპარლამენტო უმრავლესობის „რუსულ კანონპროექტებს“, რომელთა მიზანი
ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია
და შეზღუდვაა. მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო
ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან
გასაძევებლად გამოიყენეს.
მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა,
პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო,
რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს,
რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.
კანონის მიღებას ასევე ეწინააღმდეგება აშშ, ევროკავშირი და არაერთი
დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები