პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
ეხმაურება.
ასოციაციის განცხადებით, ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება
მოქალაქეების არაერთხელ დადასტურებულ ევროპულ მისწრაფებებს, მიზნად
ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას და ზღუდავს სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლებას.
„ახლა, როცა ჯანსაღი ძალების გაერთიანება განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, ამგვარი კანონპროექტების განხილვაც კი აზიანებს
ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს და იწვევს დაძაბულობას
ქვეყნის შიგნით. საქართველოს პარლამენტი დღეს აქტიურად უნდა
თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან,
სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, რათა გაგრძელდეს ქვეყნის
განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები და დროულად მოვახერხოთ
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მხოლოდ ამ გზით
შევძლებთ, რომ რეალურად დავაღწიოთ თავი აგრესორი რუსეთის გავლენის
სფეროს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ასოციაცია მოუწოდებს ქართველ პარლამენტარებს, გაიხსენონ და გაიაზრონ
წარსულის „მწარე გაკვეთილები, ნუ დაუშვებთ შეცდომას, რომელიც ლაქად
დააჩნდება თითოეული მათგანის ბიოგრაფიასა და ჩვენი ქვეყნის
ისტორიას“.
„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც
საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიცირეს კანონპროექტი,
რომლის მიხედვითაც, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის
მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა
ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება,
რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს არის ამერიკული კანონის
ქართული ვერსია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და
მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი დემოკრატიულ
პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომ ეს რუსული კანონია და მიზნად ისახავს
სამოქალაქო საზოგადოებაზე დაღის დასმას, განსხვავებული შეხედულებების
გაჩუმებას.
მასალის გამოყენების პირობები