საპატრიარქოს სხვადასხვა ღონისძიების გასაშუქებლად, მედიისთვის
შემოღებული იქნება რეგულაციები
ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
რეგულაციაში იგულისხმება წინასწარი აკრედიტებაც, რიგ შემთხვევებში კი
საპატრიარქო თავად გადაწყვეტს ღონისძიებაზე მედიის დასწრების
საკითხს.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
"გამომდინარე იქიდან, რომ მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი არ იზიარებს
საპატრიარქოს მიდგომას, შესაბამისად არ იცავს წესრიგს, რომელიც
ეფუძნება კანონს. საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება,
ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით, მსგავსად სხვა უწყებებისა თუ
ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების
შესაბამისი რეგულაცია საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში",
- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოს საკუთრების უფლება ანიჭებს
შესაძლებლობას, "თავად განსაზღვროს მის ტერიტორიაზე ქცევის
წესი".
ჯაღმაიძის თქმით, რეგულაციები მიმართულია საღვთო მსახურების სათანადო
წესით ჩატარების უზრუნველსაყოფად.
"შესაბამისად, აუცილებელი იქნება, ჟურნალისტმა დაიკავოს მედიისთვის
გამოყოფილი ადგილი, რიგ შემთხვევაში საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას,
გააკონტროლოს მედიის დასწრების საკითხი", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები