მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი
ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღებას გეგმავს.
ამის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის
გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი
საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, დღეს სრულად მოხდა სამარშრუტო ქსელის
მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ,
რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით
რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასევე ხორციელდება
სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანები.
სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ ავტოსადგურების
ნაცვლად მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, რის გამოც მკვეთრად
გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება
საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.
ამასთან, სამთავრობო გეგმაში ნათქვამია, რომ ხშირ შემთხვევებში
გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო
რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ
მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა
შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.
„აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონპროექტი ითვალისწინებს
ავტოსადგურების სერტიფიცირებას, მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და
მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების
შემოღებას. (მგზავრობის უსაფრთხოების, მგზავრის მიმართ გადამზიდველის
პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე
მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ქვეყნის შიდა
რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის
და საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისთვის დადგენილია სანებართვო
პირობები, წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტების ნუსხა, მოქმედების
ვადები).
საავტომობილო გადაყვანა გადაზიდვის სფეროში „საავტომობილო ტრანსპორტის
შესახებ“ საქართველოს კანონით ამჟამად სხვა სანებართვო საქმიანობის
სახეებთან ერთად გათვალისწინებულია - საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა და
საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო
სატვირთო გადაზიდვა.
აღნიშნულის შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
კანონი განსაზღვრავს 4 სახის ნებართვას, როგორებიცაა საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო
სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა და
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი
ნებართვა.
კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება აღნიშნული ნებართვის სახეები და
სანებართვო საქმიანობის სახეებად განისაზღვრება ზოგადად -
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვა. შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
კანონში ცვლილებით ხდება ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება -
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა
საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო და ქვეყნის შიდა
რეგულარული თუ არარეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო რეგულარული
თუ არარეგულარული გადაზიდვა,“- ნათქვამია სამთავრობო გეგმაში.
bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები