ქუთაისის მერია ისევ უარს ამბობს
ჟურნალისტებისთვის მრავალჯერადი, ვადიანი საშვების დამზადებაზე, რაც
მედიის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ შენობაში შეზღუდვის გარეშე
მუშაობის შესაძლებლობა მისცემდა.
მერიაში შესვლის აკრძალვიდან ერთი წლის შემდეგაც, ქალაქის მერს არ
აქვს პასუხი, რას ემსახურებოდა ერთჯერადი საშვთა სისტემის შემოღება და
რატომ არ ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველობა ჟურნალისტებისთვის
შესაბამის ბარათებს.
"საშვი აიღეთ და
მობრძანდით. ამისთვის გემსახურებათ ჩვენი მისაღები", -
ამბობს ქუთაისის მერი.
საშვის ამოწერის მოთხოვნას ხმაური
მოჰყვა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზეც. საბოლოოდ, საკრებულოს
თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ თქვა, რომ ყველა ჟურნალისტს, იმის
მიუხედავად, გაიარა თუ არა პროცედურები, უფლება ჰქონდა სხდომათა
დარბაზში ასულიყო.
იოსებ ხახალეიშვილი დიდი ხანია
მედიის შეკითხვებს აღარ პასუხობს. იგი საზოგადოებასთან კომუნიკაციის
ფორმად მხოლოდ ფეისბუქ ლაივებს ირჩევს, ისიც, რამდენიმე თვეში
ერთხელ. მერიის პრესსამსახურმა გააუქმა ქალაქის მერიაში დაგეგმილი
აქტივობების შესახებ მედიის ინფორმირების პრაქტიკა და
მედიასაშუალებებისთვის მხოლოდ გადაღებული მასალის მიწოდებით
შემოიფარგლება.
ქუთაისის მერი ესწრება საკრებულოს სხდომებს, მაგრამ მისი დასრულების
შემდეგ, არასდროს პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს. ქუთაისის მერმა
მედიასთან ურთიერთობა არაოფიციალურად გაწყვიტა.
ქუთაისის მერიამ ჟურნალისტებს,
ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება გასული წლის 7 აპრილიდან შეუზღუდა. ამის შემდეგ, მედიის
წარმომადგენლები შენობაში დაუბრკოლებლად შესვლას მხოლოდ საკრებულოს
ხდომაზე ახერხებდნენ, სხვა დროს აუცილებელი იყო პრესსამსახურთან
სატელეფონო ზარით შეთანხმება და ნებართვის მიღება. იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ ქუთაისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლები
უმეტეს შემთხვევაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, ქუთაისის მერია
ჟურნალისტებისთვის პრაქტიკულად ჩაკეტილი სივრცე
აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები