უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი
რეზნიკოვი ამბობს, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ჩადენილი სამხედრო
დანაშაულების გამო გასამართლდებიან.
მან თქვა, რომ ახალ ნიურნბერგის პროცესს კაცობრიობა აუცილებლად
იხილავს.
"ეს არ არის სპეცოპერაცია,
ესენი არიან რიგითი რასისტები და ფაშისტები. ისინი ნამდვილი
არაადამიანები არიან, რომლებიც ჩადიან დანაშაულს მშვიდობიანი
მოსახლეობის წინააღმდეგ, აუპატიურებენ და კლავენ მათ. მთელმა მსოფლიომ
უნდა იცოდეს ამის შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაცობრიობა
აუცილებლად იხილავს ნიურნბერგის სასამართლო პროცესს, რომელიც
ჩატარდება ან ჰააგაში, ან ხარკოვში, ან ირპინში და ან ბუჩაში. დღეს
ყველა ეს ქალაქი გმირია და ისინი იმსახურებენ, რომ ახალი ნიურნბერგის
სასამართლო პროცესები ჩატარდეს ფაშისტების წინააღმდეგ, ამას გეუბნებით
როგორც ადვოკატი", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა
ოლექსი რეზნიკოვმა.
გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, მეორე
მსოფლიო ომში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის
გაასამართლეს ომის მთავარი დამნაშავეები. განსასჯელის სკამზე
აღმოჩნდნენ გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო
პირები.
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე
აწამეს და მოკლეს. რუსული ჯარი სასტიკად გაუსწორდა ადგილობრივებს
ბუჩაში. რუსი ჯარისკაცებისგან გაწმენდილ ქალაქში უკრაინელ სამხედროებს
ტრაგიკული სურათი დახვდათ. ქუჩებში ათობით სამოქალაქო პირის
ცხედრებია, მათ ნაწილს ხელები აქვს შეკრული. ადგილობრივები ყვებიან
ოკუპანტების მიერ ჩადენილ წამებისა და გაუპატიურების
ფაქტებზე.
უკრაინაში 41 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინის ინფორმაციით,
სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7 ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული.
განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი.
მასალის გამოყენების პირობები