"ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, საქართველოდან
უკრაინაში რუსული საბრძოლო მასალების კონტრაბანდულად შესაძლო შეტანის
შესახებ, აბსურდს უწოდებს.
უმრავლესობის ლიდერი ამ ინფორმაციის უკანაც "ნაციონალურ მოძრაობას"
ხედავს და ამბობს, რომ ეს არის იმ არჩევანის შედეგი, რაც უკრაინამ
საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წევრების თავის მთავრობაში
დასაქმებით გააკეთა. მან დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე
პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა და თქვა, რომ
ბრალდების მტკიცების ტვირთი მათზეა.
"უკეთეს ამბავს
შეგახსენებთ, უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის
სახით ომის წინ, ეს არის ძალიან მძიმე ვითარება და როგორ გადმოკვეთა
ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ
მოიკითხოთ. ეს არის უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რამდენად
არის მისი განცხადება სიმართლე. უკრაინამ უნდა წარმოადგინოს
ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ დანარჩენზე,
თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვერც ვერანაირ წყაროს, ვერანაირ
მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ, ამას აქვს მარტივი მიზეზი - ეს არის
აბსურდი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას,
რომ ყოფილი ხელისუფლების წევრები უკრაინაში მნიშვნელოვან
თანამდებობებს იკავებენ და იქაც სიტუაციის "არევით" არიან
დაკავებული.
"ჩვენ წლების მანძილზე
ვთხოვდით უკრაინის ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ყველგან
რევენ ვითარებას და ამ შემთხვევაში უკრაინაშიც მხოლოდ ამაში შეაქვთ
წვლილი, არ უნდა ყოფილიყვნენ უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, თუმცა,
სამწუხაროდ ისინი დღესაც არიან, მათ შორის სააკაშვილი ფორმალურად თუ
არაფორმალურად, რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელია. ბევრად უკეთესი
იქნებოდა, რომ ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ მათი ხელისუფლების
ნაწილი, თუმცა, სამწუხაროდ, უკრაინამ სხვა არჩევანი
გააკეთა", - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინული მხარისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. აღნიშნულზე სუსმა
დღეს განცხადება გაავრცელა.
უკრაინაში რუსული საბრძოლო მასალების საქართველოს გავლით შესაძლო
შეტანაზე 4 აპრილს, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა
ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები