უკრაინის თავდაცვის სამინისტროს
ინფორმაციით, ომის ბოლო დღეებში რუსი ოკუპანტები განსაკუთრებული
სისასტიკით გამოირჩევიან, რაც მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმით
აისახება.
უწყების ცნობით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსი ოკუპანტები,
ერთი მხრივ, მოსახლეობისთვის საკვების დარიგებით პოზიტიური სურათის
შექმნას ცდილობენ, პარალელურად კი, აქტიურად ეძებენ და აკავებენ
პრო-უკრაინელ აქტივისტებს, სახელმწიფო მოხელეებს, ანტი-ტერორისტულ
ოპერაციაში ჩართულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, აკავებენ ყველა იმ
მოქალაქეს, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს ოკუპაციას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ყველა დანაშაულზე
ოკუპანტები პასუხს აგებენ.
"რუსული რაკეტისგან ერთი
ქალი დაიღუპა, ერთი მამაკაცი ნანგრევების ქვეშ მოყვა და ჯერ ვერ
იპოვეს. ამას თვითმხილველები ჰყვებიან. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია რუსი
ფაშისტების უამრავი დანაშაულებისა მშვიდობიანი მოსახლეობის
წინააღმდეგ, რომლებზეც პასუხს აგებენ ჰააგაში. ყოველი მოკლულისა და
დასახიჩრებულისთვის შურს ვიძიებთ ჩვენს მიწაზე, თუ საერთაშორისო
სისხლის სამართლის სასამართლოში. მტერი დაისჯება, ჩვენ არ
ვაპატიებთ", - აცხადებენ თავდაცვის
სამინისტროში.
უწყება გასული 24 საათის
განმავლობაში რუსეთის მხარის დანაკარგებზეც ავრცელებს ინფორმაციას.
სამინისტროს ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ნაწილობრივ გაანადგურეს
და შეაჩერეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების
წინსვლა.
"საზენიტო სარაკეტო ჯარებმა
და ავიაციამ მტრის 14 საჰაერო სამიზნე, 7 თვითმფრინავი, ვერტმფრენი, 3
UAV და 3 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს", - წერს თავდაცვის
სამინისტრო.
უწყების მიერ გავრცელებული
ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების დანაკარგი
ასეთია:
დაღუპული ცოცხალი ძალა - დაახლოებით
14 200;
ტანკი ‒ 450;
საბრძოლო ჯავშან მანქანა ‒ 1448
;
საარტილერიო სისტემები -
205;
ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემა
- 43;
თვითმფრინავები - 93;
ვერტმფრენი - 112;
მანქანა - 879;
გემი /ნავი - 3;
საწვავის ავზი - 60;
სპეციალური აღჭურვილობა -
11.
უკრაინაში 23 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ
ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების:
ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად
აღიარება.
მასალის გამოყენების პირობები