უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის
განმავლობაში არ შეცვლილა თავდაცვის ძალების მოქმედებათა მდგომარეობა
და ხასიათი.
უწყების ხელთ არსებული ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე დაჭრილი რუსი
სამხედროების დიდი ნაწილი ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონების
სამედიცინო დაწესებულებებშია განთავსებული და კლინიკებს "არა აქვთ
ქირურგიული ოპერაციებისთვის საჭირო სისხლის მარაგი“.
„ბელარუსის მოქალაქეებისთვის არსებული რეზერვის 2/3 უკვე
გადაგზავნილია რუსი სამხედროებისთვის. გააქტიურებულია სისხლის
ჩაბარების კამპანია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და
მოქალაქეებისთვის“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცების დანაკლისის
შესავსებად რუსეთში ახალი შენაერთების ფორმირებას ცდილობენ და
დაგეგმილია 1500 სამხედროს მობილიზება საზღვაო ქვეითთა მე-40
განცალკევებული ბრიგადის საწყობიდან.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ
პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და
ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის"
აღიარება.
რუსეთის არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ
სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა, ორივე მხარეს, უკვე იმსხვერპლა
ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
მასალის გამოყენების პირობები