ქუთაისთან ახლოს, მუხნარი, რომელსაც
ადგილობრივები საღორიის ტყესაც უწოდებენ, შემოღობილია.
ეროვნული სატყეო სააგენტოს
ინფორმაციით, ტერიტორიაზე დამცავი ღობე ხეების გადარჩენის მიზნით
გაავლეს.
"მიმდინარეობს ტყის აღდგენის ღონისძიებები,
განხორციელდა სანიტარული ჭრები, ტერიტორია გაიწმინდა და ჩატარდა სხვა
საჭირო სამუშაოები. პერიმეტრი შემოვღობეთ, რომ საქონელმა არ დააზიანოს
ახალდარგული ნარგავები", - ამბობენ სააგენტოში.
მუხნარის ტყე წითელ ნუსხაში შესული
იმერული მუხის ტერიტორიად ითვლება. უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით
დაბინძურებამ და სხვა ფაქტორებმა, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მრავალი
ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობდა, ძალიან დააზარალა
ტყე.
"შემოღობვა არის ტყის
გადარჩენის ერთ-ერთი გზა. ტყე საბჭოთა პერიოდშიც შემოღობილი იყო.
იმდენად დაცული იყო, რომ შველიც კი ბინადრობდა. შემდეგ, გასული
საუკუნის 90-იან წლებში, რამდენიმე დღეში შემოხსნეს და მოიპარეს ღობე.
საქონელი შედიოდა, აზიანებდა იქაურობას", - ამბობს გარემოს
დაცვის სპეციალისტი თემურ კეპულაძე.
სატყეო სააგენტოს ინფორმაციით,
მუხნარის ტყეში სანიტარული და აღდგენითი სამუშაოები 2018 წელს დაიწყო.
2019 წელს მომზადდა 2 პროექტი 20,3 ჰა ფართობზე სამუშაოების
ჩასატარებლად. მოჭრეს ხმელი და ხმობადი ხეები სანიტარული ჭრის წესის
შესაბამისად, ასევე ჩატარდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის
ღონისძიებები.
მუხნარის ტყეში, გადაღობილი
ტერიტორიების იქით, მოსახლეობას შესვლა არ ეკრძალება, თუმცა,
გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ შესაბამისი წესების დაცვით - ის,
რაც არ დააზიანებს ბუნებას და ახალდარგულ ნარგავებს.
მასალის გამოყენების პირობები