გერმანიაში შესასვლელად განახლებული რეგულაცია ამოქმედდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო საქართველოში აქვეყნებს.
რეგულაცია კოვიდსაბუთს ეხება.
საელჩოს ცნობით, დღეიდან გერმანიაში შესასვლელად პირები ექვსი წლის
ასაკიდან ვალდებული არიან, თან იქონიონ კოვიდ-საბუთი. პირებმა ექვსი
წლის ასაკიდან გერმანიაში შესვლისას უნდა წარადგინონ ტესტის,
კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან აცრის დამადასტურებელი საბუთი. ტესტი
(ანტიგენის ან PCR) ძირითადად ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში
(დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
აღნიშნულისგან განსხვავებით სატრანსპორტო კომპანიის (მაგ.
ავიაკომპანიის) მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაში PCR-ტესტი
ჩატარებული უნდა იყოს (დაგეგმილი) გამგზავრების დაწყების მომენტამდე
(მაგ. თვითმფრინავის აფრენამდე) მაქსიმუმ 48 საათით ადრე. ანტიგენის
ტესტი სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით გამგზავრების შემთხვევაშიც
ჩატარებული უნდა იყოს გერმანიაში (დაგეგმილი) შესვლის მომენტამდე
მაქსიმუმ 48 საათით ადრე.
კოვიდ-საბუთის ვალდებულება ასევე ვრცელდება თვითმფრინავის იმ
მგზავრებზე, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტის მიზნით ჩადიან გერმანიის
ერთ-ერთ აეროპორტში. ეს ეხება ტრანზიტულ მგზავრობას როგორც
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ან ამ ქვეყნებში, ასევე შენგენის
ქვეყნებიდან ან შენგენის ქვეყნებში.
გარდა ამისა, საელჩოს ცნობით, გერმანიის უწყებებმა შეიძლება დამატებით
მოითხოვონ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის შემდეგ
PCR-ტესტის ჩატარება ჩასვლის ადგილზე (მაგ. აეროპორტში).
ცვლილებები ძალაში დღეს შედის.
მასალის გამოყენების პირობები