მწვანე პასპორტის არმქონე პირის ობიექტზე შესვლის
შემთხვევაში, ბიზნესი დაჯარიმდება.
ამის შესახებ შრომის ინსპექტირების
ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.
რეგულაციის დარღვევის გამო,
ინდმეწარმე 2 ათასი, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით
დაჯარიმდება.
,,თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს
იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2 000-ლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის
მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს
და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით
საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს. ეს რეგულაციები პირველი
დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ
შეუშვებს, ეს უკვე მისი პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება,
მოქალაქე არა''-, განაცხადა ბექა
ფერაძემ.
ბექა ფერაძის ინფორმაციით,
შემოწმების ნაწილში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უწყებები
იქნებიან ჩართული.
''იქნება ეს შსს-ის შესაბამისი
ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები,
ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ
ზედამხედველობას"
პირველი დეკემბრიდან საქართველოში
მწვანე პასპორტი ამოქმედდება. ეს სტატუსი მიენიჭება იმ ადამიანებს,
რომლებიც ორჯერ აცრილები არიან, ან კოვიდი გადატანილი აქვთ, ასევე
იმათ, ვინც PCR ტესტი ჩაიტარა ( PCR ტესტს 72 საათი აქვს ვადა), ან
რომლებსაც 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი ექნებათ აღებული. ასეთ
შემთხვევაში, მათ ეძლევათ სპეციალური კოდიანი ფურცელი, რომლითაც
დგინდება, რომ ასეთი ადამიანები გარშემომყოფთათვის უსაფრთხონი
არიან.
მოქალაქეები მხოლოდ „მწვანე
პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტებში,
რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში,
კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო
დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის
ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში,
სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე.
მასალის გამოყენების პირობები