ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით,
ქალების მთლიანი პოპულაციის თითქმის მესამედი არის ფიზიკური თუ
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
ასევე, ქალთა მკვლელობების 40% ჩადენილია მათი პარტნიორების მიერ.
აღნიშნულზე ისაუბრეს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს
ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია "აკესო"ს მიერ გამართულ მრგვალ მაგიდა
თემაზე: "ძალადობას არა აქვს გამართლება!"
შეხვედრა ორგანიზაციის "ევრაზიის ქალთა ქსელი შიდსის საკითხებზე"
რეგიონალური კამპანიის "ძალადობას არა აქვს გამართლება!" ფარგლებში
გაიმართა, რომლის მიზნი გახლავთ საზოგადოების ცნობიერების და
ტოლერანტობის გაზრდა აივ დადებითი ქალთა პრობლემატიკასთან
დაკავშირებით.
მრგვალ მაგიდაზე ასევე განხილულ იქნა აივ-ინფიცირებულ და
ნარკომომხმარებელ ქალთა ძალადობის პრობლემები.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, საქართველო მიეკუთვნება
აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც საზოგადოების
დამოკიდებულება მოწყვლად და მარგინიზირებულ ჯგუფებთან მიმართებაში
მკვეთრად უარყოფითია.
"დღესაც აივ დადებითი ქალები ძალადობის მსხვერპლნი არიან. ისინი
მუდმივად განიცდიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სექსუალურ ძალადობას", -
აღნიშნეს შეხვედრაზე.
ორგანიზაციის მიერ გამოკითხვის შედეგად, მათმა უმრავლესობამ არ იცის
კრიზისული ცენტრის, თავშესაფრის, ზიანის შემცირების სერვის ცენტრებისა
და სხვა არსებული მომსახურების შესახებ და თუკი იცის, არ მიმართავს
მათ დახმარებისათვის. გამოკითხული ქალები ამის მიზეზად გამჟღავნების
შიშს, სირცხვილს, ქართულ მენტალიტეტს ასახელებენ.
მასალის გამოყენების პირობები