ქუთაისის მუნიციპალურ
ტრანსპორტში შემოღებულმა ახალმა რეგულაციამ, რომელიც უბილეთო
მგზავრების დაჯარიმებას ითვალისწინებს, მოქალაქეების
პროტესტი გამოიწვია.
მათი თქმით, გადახდის ახალი სისტემა
მოუხერხებელია, საჭირო (10, 20, 50 თეთრიანი) მონეტები ყოველთვის არ
აქვთ, აპარატი კი ხურდას არ აბრუნებს. ერთ ლარიანი მონეტით რამდენიმე
ბილეთის შეძენა კი აზრს კარგავს, რადგან ყველა ბილეთი მგზავრობის
თარიღის და დროის მითითებით იბეჭდება, რომელიც შემდეგი მგზავრობისთვის
არ გამოიყენება. მგზავრები ასევე საუბრობენ აპარატის გაუმართაობაზე.
მათი თქმით, გადახდის სისტემა მწყობრიდან გამოდის და აპარატში ბილეთიც
ხშირად არ არის.
პრობლემებზე საუბრობენ ის
მოქალაქეებიც, რომლებსაც სამგზავრო ბარათები აქვთ. მათი თქმით,
"თიბისი ფეის" აპარატებით ანგარიშის შევსებას ვერ
ახერხებენ.
"ჯარიმებზე რომ ხართ
მომარჯვებული ჯერ აპარატები მოაწესრიგეთ და კარტაზე თანხის შეტანა
შეგვეძლოს. ერთი კვირა მთელი ქუთაისი რომ შემოვიარე და ხარვეზი იყო
ყველა აპარატთან", - ამბობს თეონა აქუბარდია.
"3 დღე ვიწვალეთ რომ
ბარათზე ფული დაგვერიცხა. ცხელ ხაზზეც დავრეკეთ მაგრამ
ამაოდ", - ამბობს თამილა ფესტვენიძე.
ქუთაისის
სატრანსპორტო კომპანიამ მოქალაქეთა დაჯარიმების
შესახებ განცხადებაც გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, მგზავრები, რომლებიც თანხას არ გადაიხდიან, 20
ლარით დაჯარიმდებიან, თუმცა, პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
"ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ეტაპობრივად დამონტაჟდა ვალიდატორები და სალარო აპარატები .
აპარატების მუშაობა მიმდინარეობს სატესტო რეჟიმში. პარალელურად,
სატრანსპორტო კომპანიის მიერ მიმდინარეობს მგზავრების ინფორმირება და
გაფრთხილება მგზავრობის ღირებულების გადახდასთან
დაკავშირებით.
იმის გათვალისწინებით, რომ გადახდის
აპარატები ტესტურ რეჟიმში მუშაობს, ჯერჯერობით უბილეთო მგზავრების
დაჯარიმება არ ხდება", - აცხადებენ
კომპანიაში.
ქუთაისის მერიამ ახალი
მუნიციპალური ავტობუსები გასულ წელს შემოიყვანა. ამისთვის
თვითმმართველობამ 23 მილიონი ლარი ისესხა, რომელიც 10 წელი უნდა
იხადოს.
ქუთაისში სულ 10 საავტობუსო
ხაზია, რომელზეც 60 ავტობუსი მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები