სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რამდენიმე ქალაქში
გამოკრულ ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით მოკვლევა
დაიწყო.
ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების
ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი
განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების
ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ.
,,2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით
გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური
შინაარსის ბანერები წარწერით - "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა
ღალატს". აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია
რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარსაჭერისგან თავის შეკავებისკენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება
ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის
კანონიერების დასადგენად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა
ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან
ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების,
ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ", -
ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ე.წ. სისხლიან ბანერებთან
დაკავშირებით ცესკომაც იმსჯელა.
ცესკოს თქმით, ბანერები არ არის
მიჩნეული საარჩევნო პროგრამად. ხოლო მისი გამკვრელი პირი არ არის
საარჩევნო სუბიექტი, შესაბამისად ცესკო დამკვეთი პირის მიმართ
სამართალდარღვევის ოქმს ვერ შეადგენს.
როგორც საარჩევნო
ადმინისტრაციაში განმარტავენ, აღნიშნული არ წარმოადგენს არცერთ
პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს, ან მათ ოფიციალურ
მხარდამჭერს.
საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაკრულ ბანერზე "ნაციონალური
მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და "გირჩის" პოლიტიკურ
ლიდერებთან ერთად, გიორგი გახარიაც არის გამოსახული.
ბანერზე, ასევე გამოსახულია ნიკა გვარამია, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე
და პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე.
უკვე მეორე არჩევნებია "ქართული ოცნება" ოპონენტებთან ბრძოლის ამ გზას
ირჩევს. მსგავსი შინაარსის წარწერები მმართველმა პარტიამ ბანერებზე
შარშანაც განათავსა.
მასალის გამოყენების პირობები