მოძრაობა "რიონის ხეობის
გადარჩენისთვის" ლიდერი ვარლამ გოლეთიანი მორიგ მასშტაბურ აქციას
აანონსებს.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება გააგრძელებს იმ რეპრესიულ ნაბიჯებს,
რასაც ახორციელებს ხეობის მცველების მიმართ, ისევ დაინიშნება
აქცია, რომელშიც სრულიად ერი ჩაერთვება.
"რეპრესიული ხელი გაძლიერდა
და დაიწყო დაკავების სერიები, რაც არ იყო ჩვენთვის უცხო, მაგრამ
ვაღწევდით, რომ გაეთავისუფლებიათ დაკავებულები. ახლა დაიძაბა
ვითარება, ირაკლი მუკბანიანი დატოვეს წინასწარ
პატიმრობაში და არ ვიცით როგორ გაგრძელდება პროცესი. ამიტომ,
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ განმუხტოს ვითარება და იყოს
ადეკვატური. თუ ისევ გადმოდგამენ რეპრესიულ ნაბიჯს, კიდევ დავნიშნავთ
დიდ აქციას და ამაში ჩაერთვება სრულიად ერი", - განაცხადა
ვარლამ გოლეთიანმა.
გოლეთიანმა ასევე ისაუბრა კომპანია
"ენკას" საწვავისა და პროდუქტების მარაგის ამოწურვაზე, რაც მისი
თქმით, ხეობაში კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას.
"მივუახლოვდით კრიტიკულ
ეტაპს. კომპანიას სჭირდება საწვავი და პროდუქტი იმისთვის, რომ
გააგრძელოს მუშაობა. ნელ-ნელა იძაბება სიტუაცია. ვხედავთ მცდელობებს
დილის 5 საათიდან საღამომდე, რომ შეიტანონ საწვავი და ინვენტარი. ჩვენ
ვუწევთ მათ წინააღმდეგობას და ჯერჯერობით არაფერი არ გაგვიშვია
ბარიკადის მოპირდაპირე მხარეს", - განაცხადა
გოლეთიანმა.
რიონის ხეობის მცველებმა 3
მაისს პროტესტის 220-ე ღამე გაათენეს კარვებში.
ხეობის მცველები
ითხოვენ:
შეწყდეს "ენკასთან" ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ
გაფორმებული ხელშეკრულება;
კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
გაუქმდეს ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა
გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
რიონის ხეობის მცხოვრებლები უკვე 220 - ე დღეა უწყვეტად აპროტესტებენ
ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ
ჰესი დააზიანებს ეკოსისტემას, ხელისუფლებამ მშენებელ კომპანიასთან
დადებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას ქვეყნის ინტერესების საზიანო
უწოდეს.
მასალის გამოყენების პირობები