იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რიონის
ხეობის მცველებთან შეხვედრა ჯერ არ დასრულებულა.
აქციის მონაწილეები რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან,
გუბერნატორებთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან შესახვედრად სამ საათზე
მეტი ხნის წინ შევიდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე ხეობის მცველმა
ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ საუბარი ტექნიკურ საკითხებზე
იქნებოდა.
სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა დღეს ისე დაიგეგმა, რომ ხეობის
მცველებისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. მათ მოლაპარაკების
თაობაზე მას შემდეგ შეატყობინეს, რაც მედიით გავრცელდა ინფორმაცია,
რომ ხეობის მცველებს ქუთაისში ელოდებოდნენ.
იმის მიუხედავად, რომ აქტივისტები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას
ითხოვდნენ, მათ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე მაინც განაცხადეს
თანხმობა. პროტესტის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით,
შეხვედრაზე მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ, რომელიც დიალოგის
ფორმატის შეთანხმებას გულისხმობდა.
შეხვედრას არ ესწრება მედია. ჟურნალისტებს შენობაში შესვლის უფლება არ
მისცეს. შეხვედრას მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" გადაიღებს
და საზოგადოება მხოლოდ ასე შეძლებს მოლაპარაკების დეტალების შესახებ
ინფორმაციის მიღებას.
რიონის ხეობის მცველებს შენობის წინ ასობით მხარდამჭერი ელოდება.
მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები ხეობაში გიგანტური
ჰესების მშენებლობას 173 დღეა აპროტესტებენ.
ხეობაში ვითარება 3 აპრილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე
ჰესების მშენებელი კომპანია "ენკას" ახალი დიერქტორი პოლიციელებთან
ერთად ჩავიდა.
ხეობაში 3 აპრილიდან შეიზღუდა გადაადგილება სოფელ ნამოხვანის
მიმართულებით, რის გამოც გუმათჰესთან პოლიციამ ე.წ. ბლოგ საგუშაგო
მოაწყო.
11 აპრილს სამართალდამცავებმა ხეობის მცველებს კარვები დაუშალა.
13 აპრილს პოლიციამ აქტივისტები დაარბია და 6 ადამიანი დააკავა.
14 აპრილს ბარიკადები აღმართეს და პროტესტის "ხმაურით" გამოხატვა
აკრძალეს.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს.
გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი
ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები