რიონის ხეობაში, გიგანტური ჰესის წინააღმდეგ
გასული წლის
ზაფხულში დაწყებულ პროტესტს, ხელისუფლება დღემდე
აიგნორებს.
ყოველდღიურად
მზარდი მასშტაბების მიუხედავად, მმართველი გუნდი ამ დრომდე ვერ ხედავს
ჰესთან დაკავშირებულ შეკითხვებზე საჯარო განმარტებების გაკეთების
საჭიროებას. ამასობაში პროტესტის მონაწილეთა რაოდენობაც იმატებს და
მოთხოვნებიც რადიკალური ხდება.
28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ
მოედანზე გამართული აქცია, სადაც ათასობით ადამიანი
შეიკრიბა, აღარ გავდა ერთი ხეობის პროტესტს. თვეების
განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებულმა აქტივისტებმა მთავრობას
ულტიმატუმი წაუყენეს და ქალაქის პიკეტირებით დაიმუქრნენ. დათქმულია
კონკრეტული დროც. თუ კომპანია ორი კვირის ვადაში ხეობას არ დატოვებს,
14 მარტს აქციის მონაწილეები ქალაქს ჩაკეტავენ.
"მივატოვებთ მანქანებს და წავალთ. მოვაწყობთ ქალაქის პიკეტს", -
განაცხადა აქციაზე ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.
ჯერ კიდევ
შვიდი თვის წინ, 433 მეგავატიანი კაშხლების მშენებლობა
მხოლოდ ადგილობრივთა პრობლემად აღიქმებოდა და აქციებსაც
ძირითადად ხეობის მცხოვრებლები მართავდნენ. აქტივისტების რაოდენობაც
ორ-სამ ათეულს არ აჭარბებდა. ამ ფონზე ხელისუფლებაც მშვიდად იყო,
პოლიციაც და ჰესის მშენებელი კომპანიაც. სახელმწიფოს ხეობის პროტესტის
ხმა არც მაშინ გაუგია, როცა აქტივისტებმა ოთხი თვის წინ ჰესის
სამშენებლო ადგილზე, სოფელ ჟონეთთან, კარავი გაშალეს და ხეობას
დარაჯად დაუდგნენ. "ხეობის მცველებს" დანებების მოლოდინით
შესცქეროდა "ენკაც" და მთავრობაც. მოთმინება "მცველებზე" ადრე
ხელისუფლებას ამოეწურა და ჯერ ჯაჭვით გადაბმული აქტივისტები დაარბია,
შემდეგ კი კარავი და ჯვარი წაართვა. მამაპაპისეული სახლ-კარისა და
წინაპართა საფლავების დასაცავად გაერთიანებულებმა უკან მაინც არ
დაიხიეს, კარავი დაიბრუნეს და ღამისთევა გააგრძელეს.
7 თებერვალს ხეობაში გამართულმა აქციამ, რომელსაც ადგილობრივებთან
ერთად რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ, ცხადი გახადა, რომ
პროტესტი იზრდებოდა. აქ უკვე აღარ იყვნენ მხოლოდ ხეობის მცხოვრებლები.
აქციებს ადამიანები სოლიდარობის გამოსახატავად უერთდებოდნენ. ასე იქცა
რამდენიმე ათეული ადგილობრივის აქცია ათასობით ადამიანის
პროტესტად.
რიონის ხეობის
"მცველების" პროტესტის დასაწყისი
28 თებერვალს, ქუთაისში გამართული საპროტესტო აქცია
ხელისუფლება
მაინც დუმს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მას მოუწია, კომპანია
"ენკასთან" დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებაა, რამაც ხეობის
მცხოვრებლების პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა. აქტივისტებმა
ხელშეკრულებით შეიტყვეს, რომ "ენკამ" 99 წლის ვადით მიიღო ხეობის
მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ტყის მასივი. ჰესის მშენებლობის
დასრულებიდან 15 წლის შემდეგ კი კომპანია იხსნის ვალდებულებას, რომ
საქართველოს ხელისუფლებას ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია
მიყიდოს. იმავე 15 წლის განმავლობაში, ხელისუფლება თავად იქნება
ვალდებული "ენკასგან" ყოველწლიურად იყიდოს ელექტროენერგია (1 კვტ.სთ.
6.2 ცენტი) და გადაუხადოს კომპანიას ამ რაოდენობის ელექტროენერგიის
შესაბამისი თანხა, იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ნამახვანჰესი
წლიურად ამ რაოდენობის დენის გამომუშავებას. ექსპერტები
ამბობენ, რომ უკვე ამ მოცემულობით ცხადია, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი
თანხის გადახდა მოუწევს დენში, ვიდრე დღეს არსებული
ტარიფია.
გარდა სახელშეკრულებო ვალდებულებებისა,
ექსპერტები საუბრობენ მყისიერ საფრთხეებზე, რომელიც ჰესის მშენებლობას
უკავშირდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ისეთ სეისმურად აქტიურ და
მეწყრულ ზონაში, როგორიც არის რიონის ხეობა, ამ სიმძლავრის ჰესის
აშენება დაუშვებელია. კაშხლების დაზიანების შემთხვევაში, მათი
გათვლებით, 34 მეტრიანი ტალღა გადაუვლის ხეობას და 19 წუთში მიაღწევს
ქუთაისამდე.
მასალის გამოყენების პირობები