ქუთაისში, ნამახვანჰესის
მშენებლობის წინააღმდეგ გამართული ფართომასშტაბიანი აქციის დასრულების
შემდეგ აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცველები სოფელ ნამოხვანში არ
უშვებდნენ.
აქტივისტი და რიონის ხეობის ერთ-ერთი "მცველი" ვარლამ გოლეთიანი
ამბობს, რომ სწორედ ამ მოჰყვა დაპირისპირება.
"სოფელ რიონით ანუ შემოვლითი გზით, კარვამდე მაინც მივედით", - ამბობს
აქტივისტი.
დღეს ისინი პროტესტის 128-ე ღამეს ათევენ.
დღეს, ქუთაისში რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ
ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა. რიონის ხეობის "მცველებს"
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეუერთდნენ. მათ შორის იყვნენ
პოლიტიკოსები და სასულიერო პირებიც.
რიონის ხეობაში 433მგვ. სიმძლავრის კასკადების მშენებლობას
ადგილობრივები ოთხ თვეზე მეტია აპროტესტებენ. მათ გუშინ 126 - ე ღამე
გაატარეს კარავში.
ადგილობრივები ჰესის პროექტს საფრთხის შემცველად
მიიჩნევენ. მათი თქმით, ჰესი შეცვლის მიკროკლიმატს, გაქრება ყურძნის
უნიკალური ჯიშები, წყლით დაიფარება მათი საცხოვრებელი სახლები,
სახნავ-სათესი მიწები და წინაპართა საფლავები. ჰესის დაზიანების
შემთხვევაში კი ადგილზე წარმოქმნილი 34 მეტრიანი ტალღა დაფარავს
არამხოლოდ ხეობას, არამედ მიაღწევს
ქუთაისამდე.
მოსახლეობის
პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ
ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის
მოცულობაზე საუბრობენ.მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის
მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის
ჰესები წლიურად 1,514 გეგავატი ენერგიას გამოიმუშავებენ. ჰესის
ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის
შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე
ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან
დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ
უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.
ამავე თემაზე:
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები
ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
მასალის გამოყენების პირობები