ქუთაისში ადგილობრივი თვითთმართველობის
გადაწყვეტილებით, ბუხაიძის ქუჩაზე არსებულ მოედანს კონსტიტუციის
სახელი მიენიჭება.
მოედანისათვის სახელის
დარქმევა საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავს
უკავშირდება. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას
თქმით, კონსტიტუციის მოედანი იქნება კონსტიტუციონალიზმის
საუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციის სიმბოლო
,,100 წლის შემდეგ, შეგვიძლია მთელი
მსოფლიოს წინაშე ვიამაყოთ იმით, რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე
პროგრესული კონსტიტუცია, სწორედ საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო და ამ აქტით განმტკიცებულ
ღირებულებულებებს ეყრდნობა დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი.
მოხარული ვარ, რომ ქუთაისში გვექნება კონსტიტუციის მოედანი, ქუთაისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან აღნიშნულ
ინიციატივას აქვს სრული მხარდაჭერა. კონსტიტუციის მოედანი იქნება
ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციონალიზმის საუკუნოვანი ისტორიის და ტრადიციის
სიმბოლო",- ამბობს ირაკლი შენგელია.
100 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს,
დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკამ, 1918 წლის 26 მაისის
დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველმა კონსტიტუციამ ოთხ დღეს
იარსება, მაინც უდიდესი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის
ისტორიაში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
კონსტიტუცია, იმდროინდელი მსოფლიო მასშტაბით პროგრესულად აღიარებული
დოკუმენტი, 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგება. ქვეყნის ძირითადი
კანონით პოლიტიკურ წყობად განისაზღვრა დემოკრატიული რესპუბლიკა.
კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ
უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის
მაისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუძნებელი კრების წევრებს
დაურიგდათ. პროექტის განხილვას კრების მრავალი სხდომა მიეძღვნა.
საბოლოოდ, 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში გამართულ სხდომაზე
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია
მიიღო. სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას
თბილისის მისადგომებთან ებრძოდა.
მასალის გამოყენების პირობები