საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში
ქუთაისში ,,ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ცესკოს მონაცემებით, ზაზა ლომინაძემ 91,92 პროცენტი მიიღო, ხოლო
,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 8,08 პროცენტი.
ქუთაისში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან
ერთად მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურიც გაიმართა. ,,ქართული
ოცნების" კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა 92 პროცენტი აიღო,
,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ კი 8
პროცენტი.
ცესკოს შედეგების გამოცხადებამდე ქუთაისში,
,,ქართული ოცნების" შტაბში გამარჯვება წინასწარ ფოიერვერკით აღნიშნეს.
,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა
არჩევნების მეორე ტურამდე საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. ოპოზიცია
აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. მათი პროტესტის
მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად კანდიდატის
სახელი და გვარი ბიულეტენში მაინც იყო შეტანილი.
ქუთაისში, მეორე ტურში 33 823 ამომრჩეველმა
მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 21,85 პროცენტია. აქ 156
257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. აქედან,
7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი
თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს ემსახურებოდა.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა
620-მა პირმა გამოხატა.
მასალის გამოყენების პირობები