ქუთაისში სამკერვალო კომპანია "იმერის"
თანამშრომლები მთავრობისგან 200 ლარიან კომპენსაციას ამ დრომდე
ელოდებიან.
ფაბრიკაში დასაქმებული 270 ადამიანი, რომლებიც საგანგებო
მდგომარეობის გამო ერთი თვე უმუშევარი დარჩნენ, კუთვნილ თანხას
ითხოვენ. მათი თქმით, მცდელობის მიუხედავად, კონკრეტული პასუხი თუ
რატომ არ დაერიცხათ თანხა, ვერ მიიღეს. მათ კომპენსაცია 20 ივნისს
უნდა დარიცხვოდათ.
როგორც ქუთაისიპოსტმა გაარკვია, შემოსავლების
სამსახურში კომპანიის სტატუსი აერიათ და სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც
დიდი ხანია კერძო საკუთრებას წარმოადგენს, სახელმწიფოს ქონება ეგონათ,
რის გამოც, გადაწყვიტეს, რომ საწარმოს თანამშრომლებს კომპენსაცია არ
ეკუთვნოდათ.
საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი და
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, მაია სიმონიძე ამბობს, რომ შეცდომა
უკვე გასწორებულია და თანამშრომლები კომპენსაციას უახლოეს დღეებში
მიიღებენ.
"როგორც იცით კრიზისულ სიტუაციაში ხდებოდა
გადაწყვეტილებების მიღება და ამიტომ მოხდა ეს გაუგებრობაც. მე უკვე
ვესაუბრე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს და მითხრეს, რომ
ყველაფერი გასწორებულია. ველოდებით თნხის ჩარიცხვას", - ამბობს მაია
სიმონიძე.
სამკერვალო კომპანია "იმერმა", სადაც 300-ზე
მეტი ადამიანი მუშაობს, საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობა
შეწყვიტა. Საწარმო სამუშაო პროცესს ერთი თვის წინ
დაუბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები