ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის
კედლის ფილის ჩამონგრევის შედეგად, მოქალაქის დაზიანების ბოლო
შემთხვევა 12 მაისს მოხდა.
ბუხაიძის ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ "სუფთა
სახლის" წინ რიგში მდგომ 50 წლამდე ქალს თავში მეტლახი დაეცა და
თავის არე დაუზიანა.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით
საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად
მძიმე იყო. იგი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე
გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც
გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების
მიყენებას გულისხმობს.
ქუთაისში
მსგავსი შემთხვევები იშვიათი არ არის. კორპუსებიდან სამშენებლო
მასალები მუდმივად ცვივა.
გამოძიება დაიწყო, თუმცა, პასუხისგებაში დღემდე
არავინ მიუციათ.
ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსები
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კერძო საკუთრებას წარმოადგენს,
შესაბამისად, მათზე ზრუნვა მოსახლეობას ევალება, თუმცა, მერიაში
არსებობს პროგრამა „კორპუსი“, რომლის ფარგლებშიც სადარბაზოების
კეთილმოწყობა თანადაფინანსებით ხდება. თანხის 90%-ს ადგილობრივი
ბიუჯეტი იხდის, ხოლო 10%-ს მოსახლეობა. ამის მიუხედავად, კორპუსებში
მცხოვრებლები ამბობენ, რომ თანხის შეგროვებას მაინც ვერ
ახერხებენ.
"წყალი ჩამოდის ჩვენს კორპუსში.
გავაკეთებინეთ რამდენჯერმე, მაგრამ ისევ ფუჭდება.
განუკითხაობაა. ფულიც არ აქვს ხალხს, რომ თვითონ
გააკეთონ, ბევრი არ მუშაობს, ბინებიც ცარიელია, ან მდგმურები
ჰყავთ", - ამბობს ერთ-ერთ მრავლსართულიან კორპუსში
მცხოვრები ლილი მეტრეველი.
პასუხისმგებლობას თავიდან იცილებენ
ქუთაისის მერიაში. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ
კონკრეტულ შემთხვევაზე მოსახლეობამ მერიას თავად უნდა
მიმართოს.
ავარიული ფასადების პრობლემა რომ
მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია, ამაზე 2017 წელს მომხდარი ტრაგიკული
შემთხვევის შემდეგ ბინების გამაგრებაზე გაზრდილი მოთხოვნაც მიუთითებს.
მაშინ მერია იძულებული გახდა დამატებით თანხა გამოეყო და
პროგრამის ბიუჯეტი 1 137 300 ლარიდან 2 479 300
ლარამდე გაეზარდა. მიმდინარე წელს პარაპეტების
რეკონსტრუქციაზე 90 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა, მერიაში
ამბობენ, რომ ამ ეტაპზე კორპუსების რეკონსტრუქცია არ ხდება.
წელს ნგრევადი ფასადების გამაგრება სახელოვნებო, სამუსიკო და
სპორტული სკოლების რეკონსტრუქციის საჭიროებამ ჩაანაცვლა.
„სადარბაზოებისა და ფასადების
რეკონსტრუქციის პროექტები ქალაქის მხრიდან დახმარებაა
ბინათმესაკუთრეებზე, რადგან ვერ ახერხებენ თავიანთი სახსრებით მოუარონ
საკუთარ ინფრასტრუქტურას, ქალაქი ეხმარება მათ ამ საკითხში.
პრობლემები ძალიან დიდია და მასშტაბიდან გამომდინარე ვერ ხერხდება
მცირე დროში მოგვარდეს“, - ამბობს მერიის ინფრასტრუქტურის
სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, მირზა ხიდაშელი.
მისივე თქმით, ჯამში, ორ მილიონამდე ლარის ღირებულების ფასადების
რეკონსტრქუციის პროექტია განხორციელებული.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის
მოადგილე ასევე, განმარტავს, რომ როდესაც კორპუსიდან ნალესი
ცვივა, სპეციალური სამსახურის მიერ რეაგირება ყოველთვის ხდება,
რაც ნალესის ან სხვა მასალის ფასადიდან მოხსნას გულისხმობს.
"თუმცა, ამის პროგნოზირება ყოველთვის
რთულია".
2017 წელს ქალაქში არსებული 1 500
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 130 ავარიული
სახლი იყო აღწერილი,
მათ ნაწილს ფასადი, ნაწილს კი პარაპეტი ჰქონდა ამორტიზებული.
მერიაში ახლა ვერ აკონკრეტებენ კიდევ რამდენი კორპუსია სიცოცხლისთვის
საშიში.
ამავე თემაზე:
ქუთაისში, რიგში დგომის დროს ქალს მეტლახი დაეცა
ქუთაისში 130-ზე მეტი ავარიული ბინაა აღწერილი
ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსიდან ბათქაში ცვივა - მოსახლეობა
დახმარებას ითხოვს (ფოტო)
კედლის
ნაწილი, რომელმაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ძველ კორპუსს
მოწყდა
მასალის გამოყენების პირობები