დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი, ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში კომპანიებს
დახმარების თხოვნით მიმართავს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით,
ტაძრებში სადეზინფექციო სამუსაოების ჩატარების საკითხზე მათ
საპატრიარქომ მიმართა.
''ტელეფონით მელაპარაკა საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით.
დავალება მივეცით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს
ჯანმრთელობის დეპარტამენტს. იქ ხდება სადეზინფექციო ხსნარების და
ნივთიერებების რეგისტრაცია. მათ ვთხოვე, რომ დაკავშირებოდნენ
კომპანიებს, ქველმოქმედების წესით ხომ არ შეუძლიათ საპატრიარქოს
დაეხმარონ ამ საკითხში. ზოგადად, კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა
ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა დახმარების
სურვილი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 15 შემთხვევაა
დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი.
სტაციონარში კი მეთვალყურეობას გადის 51.
ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო.
შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის
მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი
კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს
დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19
-ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე
მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია
ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში,
ქალაქ უჰანში დაიწყო.
წყარო :ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები