ახალი ამბები
ვინ იქნება "ტორპედოს" ახალი ინვესტორი - შეთანხმება მიღწეულია
FaceBook

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ახალი ინვესტორი იტალიელი ფაბიო მანინი იქნება.

ქუთაისის მერიამ  ინვესტორთა ჯგუფთან შეთანხმებას მიაღწია.

 

როგორც ქუთაისიპოსტს „ტორპედოს“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, „ალიანს ჯგუფთან“ და მის წარმომადგენელთან, ფაბიო მანინთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. ამის შემდეგ იტალიელები კლუბს ოფიციალურად ჩაიბარებენ.

 

„13 ან 14 იანვარს უკვე გააფორმებენ ხელშეკრულებას და გადაეცემათ კლუბი. როგორც ჩვენ ვიცით, ორი დღის წინ ქუთაისის მერიაში იყო ხანგრძლივი შეხვედრა, იტალიელები ჩამოსული იყვნენ იურისტებთან ერთად. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოლაპარაკების შესახებ გვესაუბრა ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და გვითხრა, რომ შეთანხმება მიღწეულია. დეტალები არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ მთავარი ინვესტორი არის ფაბიო მანინი“, - ამბობს „ტორპედოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი, ედო ბადალაშვილი.


რა რაოდენობის ინვესტიციას განახორციელებენ იტალიელები  და რა პირობებით გადასცემს მათ ქუთაისის მერია კლუბს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი ინვესტორი ფეხბურთელების სახელფასო დავალიანების დაფარვის ვალდებულებას იღებს.  შეთანხმების მიხედვით, ფაბიო მანინმა 500 000 ლარი 15 იანვრამდე უნდა გაისტუმროს.


რაც შეეხება დანარჩენ 800 000 ლარამდე ვალს, რომელიც კლუბს სხვადასხვა ბანკში აღებული სესხების გამო დაუგროვდა, როგორც ცნობილია, ყოფილმა ინვესტორმა ზაალ ჩაჩავამ ვალის მხოლოდ ნაწილი აღიარა. დარჩენილ თანხაზე კი დავა სასამართლოში გრძელდება.


„ტორპედოში“ ახლა ინვესტორის მოლოდინში არიან, თუმცა, რამდენიმე თვიანი კრიზისის შემდეგ კლუბში მხოლოდ სამი ფეხბურთელი დარჩა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მათგან მხოლოდ ერთს აქვს მოქმედი  ხელშეკრულება, ორი კი ცვლილებების მოლოდინში გუნდს ჯერჯერობით არ ტოვებს. ფინანსური პრობლემების გამო „ტორპედომ“ ფეხბურთელების უმრავლესობა დაკარგა და გუნდი ფაქტობრივად დაშლილია. კლუბი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა და  მეკარემ როინ კვასხვაძემ, რომლებმაც არჩევანი „დინამოზე“ გააკეთეს. ასევე, თორნიკე კაპანაძემ და სხვა წამყვანმა ფეხბურთელებმა. შესაბამისად, ახალ ინვესტორს გუნდის ხელახლა დაკომპლექტება მოუწევს.  „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად უკვე განიხილება მიხეილ აშვეთია, რომელიც კახა ჩხეტიანის წასვლის შემდეგ  მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს, თუმცა, კლუბში აცხადებენ, რომ ყველაფერი ინვესტორის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.


ქუთაისის „ტორპედო“ რამდენიმე  თვეა ინვესტორის გარეშეა.  ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო დატოვა.





ამავე თემაზე:

ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.