დღეს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, მოსკოვის დასის მსახიობები საპროტესტო აქციის ფონზე ითამაშებენ.
თეატრი სახელწოდებით "ნიკიტინის კარიბჭესთან" ქუთაისში ორ სპექტაკლს: "არ დამივიწყო" და "ჩვენი ეზოს სიმღერები" წარმოადგენს.
ოკუპანტი ქვეყნის თეატრალური დასის ვიზიტს სამოქალაქო მოძრაობა"რუსეთი ოკუპანტია" აპროტესტებს. სამოქალაქო აქტივისტები დღეს, სპექტაკლის დაწყების დროს, 7 საათზე, თეატრის წინ აქცია-პერფორმანსს გამართავენ. მათი თქმით, ჩვენს ქვეყანაში რუსული სპექტაკლები არ უნდა იდგმებოდეს.
მოძრაობის წევრებს პრეტენზიები აქვთ ლადო მესხიშვილის თეატრის მმართველთან, სულხან გოგოლაშვილთან, რომელიც, მათი თქმით, პირადად იყო ინიციატორი, რომ მოსკოვის თეატრს ქუთაისში ეთამაშა.
ლადო მესხიშვილის თეატრის მმართველი, სულხან გოგოლაშვილი
მიიჩნევს, რომ სამოქალქო აქტივისტების პროტესტი
პოლიტიკური აქტივობის მიზნით არის განპირობებული, კულტურულ რუსეთთან
კი ბრძოლა არ შეიძლება.
"პირდაპირ გეუბნებით, -კულტურულ რუსეთთან ბრძოლა არ შეიძლება. მე არ
ვებრძვი კულტურულ რუსეთს, მე ვებრძვი აგრესიულ, მილიტარისტულ და
ოკუპანტ რუსეთს. რატომ არ აპროტესტებენ როცა რეზო გაბრიაძე
ჩადის მოსკოვში, როცა ნინო ქათამაძე მღერის იქ, ქართული
ღვინის უდიდესი ნაწილი რომ რუსეთის ბაზარზე იყიდება ამას რატომ
არ აპროტესტებენ? სინამდვილეში, მათ უნდათ მხოლოდ
პოლიტიკური აქტიურობა და მე მათ ამაში ვერ ავყვები",-ამბობს სულხან
გოგოლაშვილი.
მოსკოვის თეატრი სახელწოდებით "ნიკიტინის კარიბჭესთან"
სპექტაკლებს ორი დღის განმავლობაში, 19-20 ოქტომბერს
გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები