ქუთაისის საკრებულო სოციალურ ქსელ, ფეისბუქში ონლაინ გამოკითხვას
ატარებს, ჩანაცვლდეს თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლი
გამსახურდია-კოსტავას ძეგლით.
ამ დროისათვის მოქალაქეების უმრავლესობა, 89%, ხმას ზვიად
გამსახურდია-მერაბ კოსტავას სასარგებლოდ აძლევს. 11%-მა ხმა
ვასილ კიკვიძეს მისცა. გამოკითხვა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს
გამოქვეყნდა და ხუთ დღეში დასრულდება.
საკრებულომ ონლაინ გამოკითხვის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც
მათი განმარტებით, მოქალაქეებმა, კიკვიძის ძეგლის ადგილზე
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და "ეროვნული
მოძრაობის" ლიდერის მერაბ კოსტავას ძეგლების დადგმის მოთხოვნით
თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართეს.
მოქალაქეთა აზრის ამ ფორმით გაგებას სოციალურ ქსელში განსხვავებული
შეფასებები მოჰყვა.
"არ გრცხვენიათ, ამ კითხვით რომ მიმართავთ ქართველებს? -
"გვაინტერესებს თქვენი აზრი - რას ფიქრობთ უნდა მოხდეს თუ არა ვასილ
კიკვიძის ძეგლის ჩანაცვლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას
ძეგლით?" ოკუპანტი სჯობია თუ ეროვნულ-განმათავისუფლებელი გმირიო რომ
კითხულობთ". "ან გამოკითხვა რად უნდა ამ საკითხს, რამდენი წლის
წინ იყო ეგ ძეგლი ასაღები, საბჭოური სიმბოლიკა აკრძალულია და კიკვიძე
ეროვნული გმირია თუ რატომ განიცდით ასე ძეგლის დემონტაჟს", - წერენ
სოციალური ქსელის მომხმარებლები.
კიკვიძის ძეგლის აღებასთან დაკავშირებით მერის სახელზე რეკომენდაცია
მოამზადა მრჩეველთა საბჭომაც. საკითხს საკრებულოს
კულტურის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის კომისიამ მხარი დაუჭირა.
რამდენიმე თვის წინ, მოქალაქეთა შორის აღმოჩნდნენ მსურველები,
რომლებიც ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟში 1000 ლარის გადახდას
აპირებდნენ.
ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ
მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს აირჩიეს
მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ.
1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში.
იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919
წლის იანვარში.
მასალის გამოყენების პირობები