ქუთაის-გაენათის ეპარქიას დროებით რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე
გამრეკელი უხელმძღვანელებს. მიტროპოლიტი ეპარქიის მმართველი მანამდე
იქნება, ვიდრე წმინდა სინოდი ახალ მმართველს დაასახელებს.
მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი 2014 წელს გამოცემულ
საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალში "სამი საუნჯე" პრორუსულ და
ანტიდასავლურ წერილებს აქვეყნებს, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს
უცვლელად გთავაზობთ:
"სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო
გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს
განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც
გაანალიზა, რაში იყო საქმე.
საერთოდ ტაძრები კი არ შეუთეთრებიათ, არამედ რუსეთის მეფის
საქართველოში სტუმრობის წინ, გზაზე, რომელზეც მას უნდა გაევლო, იმ
ტაძართა კედლები, რომლებზეც ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო,
რადგან მათი რესტავრაციის ან ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო,
შეათეთრეს და ხატები დაკიდეს; თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ
თბილისში სიონის, სამების, მამადავითის ტაძრები ხელახლა მოიხატა".
"ჩვენი გვაშინებენ ჩრდილოელი მეზობლით - რუსეთით და გვიკიჟინებენ, რომ
"რუსეთი ამას და ამას გიზამთ თქვენ"... ქვეყანა, რომელსაც წარსულში
ბევრი ბოროტება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, მომავალში კიდევ უფრო
მეტად გაგვამწარებს, "რუსეთს ეს და ეს გაუკეთებია ჩვენთვისო. რუსეთს
საქართველოსთან სულ ცოტა ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია აქვს.
მანამდე ეს ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.
ამ ურთიერთობის მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობდა, რომ
საქართველოს ეძლეოდა საშაულება არსებობის ნიმ გზით გაგრძელებისა,
რომელიც 15 საუკუნის წინ აირჩია, რაც ძალიან კარგად იცოდა ერეკლე
მეორემ. თუ მის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის შედეგს ფართო
მასშტაბით, ობიექტურად გავაანალიზებთ, ისტორიული პროცესი
დაგვიდასტურებს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი, საქართველოსთვის
დადებითი იყო, თუმცა დღეს ბევრი საპირისპიროს დამტკიცებას
ცდილობს".
"ევროპული ღირებულებები, ერთი მხრივ, თავის თავში შეიცავს ქრისტიანული
ღირებულებების ნატამალს და მეორე მხრივ, არაქრისტიანულს და
ანტიქრისტიანულს. ანტიქრისტიანულია ადამიანის უფლებების დაცვის
საბაბით, შემწყნარებლობის ნიღბით არატრადიციული სექსუალური
ორიენტაციის პროპაგანდა, გავრცელება და სოციალურ ფენომენად გადაქცევის
მცდელობა. ევროპა გვთავაზობს შესვლას მის ერთობაში, ევროპის
გაერთიანებულ ქვეყნებში.
რა საშიშროებას წარმოადგენს ეს? ეკონომიკურად, სამართელბრივად
შეიძლება ეს უკეთესი იყოს ჩვენთვის, თუმცა დასაფიქირებელია რატომ
აღმოჩნდა ევროკავშირში გაერთიანებული ევროპის რამდენიმე ქვეყანა მძიმე
ეკონომიკურ-ფინანსურ კრიზისში! ევროპა გვპირდება რომ იქნება გარკვეული
გარანტი ჩვენი დაცვისა რუსეთის ექსპანსიისაგან. დღემდე ევროპამ საქმით
არ დაგვიცვა და ვერც დაგვიცავს", - ნათქვამია ჟურნალში "სამი
საუნჯე" მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის ავტორობით
გამოქვეყნებულ მასალაში.
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ქუთათელ-გაენათის ეპარქიის დროებით
მმართველად რუსთავის მიტროპოლიტის იოანე გამრეკლის დანიშვნას
ეხმიანება.
"კარგი იქნება, თუ ქუთაისელები, მრევლი, სამღვდელოება არ მიიღებს,
გააპროტესტებს მეუფე იოანეს ქუთაისში დანიშნვას. იოანე გამრეკელს
მთელი პროგრამა აქვს გამოქვეყნებული, როგორ და რატომ უნდა გადავიდეს
საქართველო რუსულ პოლიტიკურ კურსზე, იგი მონაწილეობდა ნატოს
წინააღმდეგ აქციებში", - წერს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი
საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
თეოლოგის გარდა, სოციალურ ქსელში გამოჩნდნენ მოქალაქეები,
რომლებიც მიტროპოლიტის დროებით მმართველად დანიშვნას
აპროტესტებენ.
ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან რუსთავის
მიტროპოლიტია. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის
სახელობის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსი იოანე მთავარეპისკოპოსის
წოდებით დააჯილდოვა და იგი რუსთავისა და მარნეულის მმართველ
მღვდელმთავრად დანიშნა.
2011 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ რუსთავის
სიონის ტაძარში რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოსი იოანე
მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები