უკვე არაერთი მომხმარებელი ამბობს, რომ მაღაზიაში დაბალფასიან პროდუქციას არჩევს, თუმცა, სალაროსთან მისული აღმოაჩენს, რომ პროდუქტს უფრო მაღალი ფასი აქვს.
მათი თქმით, , თავიდან სჯეროდათ კონსულტანტების განმარტება იმის
შესახებ, რომ პროდუქცია არასწორ ფასზე შემთხვევით ხვდებოდა.
როცა ასეთმა ფაქტებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, დარწმუნდნენ,
რომ ეს მსხვილი ობიექტების მიერ ძვირიანი პროდუქციის გასაღების
მარკეტინგული ხრიკია. მით უფრო, რომ მათი თქმით, არასდროს მომხდარა
პირიქით, რომ იაფი პროდუქტი ძვირადღირებული პროდუქციის
თაროზე აღმოჩენილიყო.
„ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევა. თავიდან მერიდებოდა გაპროტესტება,
რადგან მეგონა რომ ეშლებოდათ პროდუქტების თაროებზე დალაგება. შემდეგ,
როცა უფრო მეტი ყურადღებით დავაკვირდი, აღმოჩნდა, რომ 2-3
ლარიანი სხვაობა იყო თაროზე და სალაროში დაფიქსირებულ ფასს შორის და
ეს თითქმის ყველა დიდ მარკეტში ასე ხდება. ახლა უკვე დარწმუნებული
ვარ, რომ ამით ძვირიან პროდუქტს ასაღებენ, რადგან ამდენი დამთხვევა
შეუძლებელია“,-ამბობს თეონა მუმლაძე.
მომხმარებელთა ნაწილი უხერხული სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით
შენაძენის ფასს პროტესტის გარეშე იხდის, ზოგი კი რამდენიმე პროდუქტის
ერთად შეძენის შემთხვევაში სალაროსთან დაანგარიშებულ საბოლოო ფასში
სხვაობას ვერ ამჩნევს. ორივე შემთხვევაში მოგებული სავაჭრო
ობიექტი რჩება, რადგან ძვირიან პროდუქციას ასაღებს.
ფასებით თამაში ძირითადად დიდ სუპერმარკეტებში ხდება, სადაც
მომხმარებელი ერთდროულად რამდენიმე პროდუქტს ყიდულობს. ძვირიანი
პროდუქციის გასაღება ასეთ ობიექტებს კიდევ უფრო იმიტომ უმარტივდებათ,
რომ მომხმარებლის მიერ სალაროსთან მიტანილი ყველა პროდუქციის
ღირებულებას სპეციალური პროგრამა კოდების მიხედვით ითვლის,
შესაბამისად, მომხმარებელს უფრო მეტი ნდობა აქვს, რომ მათ მიერ
შეძენილი პროდუქტის ფასს სწორად დაუანგარიშებენ.
მსხვილ სავაჭრო ობიექტებში ადასტურებენ, რომ მომხმარებელი ხშირად
აპროტეტსებს მის მიერ შერჩეული პროდუქციის მომატებულ ფასს, თუმცა,
აცხადებენ, რომ არავითარი მარკეტინგული გათვლა არ აქვთ. მათი თქმით,
იშვიათ შემთხვევაში შეცდომას თავად ობიექტის თანამშრომლები უშვებენ,
უმეტესად კი მომხარებელი ფასებს ყურადღებით არ აკვირდება.
„თითქმის ყოველდღე ცვლის მომწოდებელი ღირებულებას და ზოგჯერ,
შეიძლება კონსულტანტმა ვერ მოასწროს ფასის შეცვლა.
ასეთ დროს, თაროზე არსებული პროდუქციისა და სალაროში დათვლილ ფასს
შორის სხვაობა მაქსიმუმ 30-40 თეთრი შეიძლება იყოს. მილიონში ერთხელ
შეიძლება ეს მოხდეს. არავითარი ხერხი ჩვენ არ გვაქვს“,-ამბობს „სუფთა
სახლის“ ქუთაისის ფილიალის მენეჯერი მაია გაზდელიანი.
მომხმარებელთა პროტესტი რომ ხშირია ამას აღიარებენ „ფუდმარტშიც“,
თუმცა, ფასებს შორის სხვაობას მომხმარებელთა
უყურადღებობით ხსნიან.
„მომხმარებელი არ აკვირდება ხშირად ფასს. მაგალითად, პროდუქციას
თუ აწერია 2 ლარი და 15 თეთრი, სადაც 2 უფრო დიდი ზომით
წერია, ხოლო 15 შედარებით წვრილად, მომხმარებელი მხოლოდ იმ ციფრს
ხედავს, რომელიც დიდი ზომითაა მითითებული. შესაბამისად, სალაროსთან
მისული აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში პროდუქტი უფრო ძვირია. ისეთი რამ
რასაც თქვენ ამბობთ, შეიძლება თვეში ერთხელ მოხდეს, თუმცა, ესეც
იმიტომ, რომ მომხმარებელი არჩევის დროს ხშირად უცვლის
პროდუტს ადგილს და შესაძლოა ძვირიანი პროდუქტი დაბალფასიანის თაროზე
აღმოჩნდეს“,-ამბობს „ფუდმარტის“ ქუთაისის ფილიალის
მენეჯერი, დარინა რეხვიაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ ეს მხოლოდ შემთხვევითობაა, რატომ არასდროს
ხვდება დაბალფასიანი პროდუქცია ძვირიანი პროდუქტების თაროზე, ამაზე
პასუხი სავაჭრო ობიექტებს არ აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები