ქუთაისის მერიამ, არქიტექტორი გია ხუჯაძე, შესაძლოა, თეთრი ხიდის
პროექტს ჩამოაშოროს.
თვითმმართველობა, ხიდზე განმეორებითი სამუშაოების დაგეგმარებაში,
პროექტის ავტორის ჩართვას, სავარაუდოდ, არ აპირებს.
მერიამ წინასწარ დაანონსა, რომ შესაძლოა, პროექტის ავტორთან ვერ
შეთანხმდეს და სამუშაოების დაგეგმარებაზე ტენდერი გამოაცხადოს.
მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე, მირზა ხიდაშელი
ამბობს, რომ არქიტექტორს სამუშაოების პროექტი უკან დაუბრუნეს.
"პროექტის ავტორისგან არ გვაქვს სრულყოფილი ვერსია მიღებული.
რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, მაგრამ როცა განვიხილეთ, აღმოჩნდა,
რომ რიგი სამუშაოებისა, რომელიც საწყის პროექტში იყო
გათვალისწინებული, ნაშთ სამუშაოებში არ ჩანდა. ამიტომ დავაბრუნეთ
უკან. ახალი ვერსია ჯერ არ გვაქვს. თუ თანამშრომლობის პროცესმა მიიღო
ჩიხური ხასიათი, მაშინ განვიხილავთ, რომ ეს სამუშაოები ცალკე
შევიძინოთ",-ამბობს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე,
მირზა ხიდაშელი.
მერიასთან უთანხმოების რეალურ მიზეზებზე არქიტექტორი საუბრობს. გია
ხუჯაძე ამბობს, რომ ის, როგორც პროექტის ავტორი, ხიდზე იმიტირებული
ქვების განთავსებას ითხოვს, რასაც მერია არ თანხმდება.
ხიდის რეაბილიტაციიდან ექვს თვეში გია ხუჯაძე ნანობს, რომ მერიას
ხიდის პროექტი აჩუქა.
"ვიღაცის ნათქვამზე რატომ უნდა გადააგდო ეს ქვები? ეს ხომ არ იქნებოდა
უზარმაზარი ქვები? მცირე ზომის იქნებოდა და ჩამოსაჯდომის ფუნქციაც
ექნებოდა. პრობლემა არის იმაში, რომ პროფესიონალებს არ უსმენენ და
თავად წყვეტენ ყველაფერს. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა და მერე
ერთმანეთის ხათრით ვერ ამბობენ უარს. უმადურობასაც აქვს საზღვარი.
ნეტავ, არ მეჩუქებია",-ამბობს გია ხუჯაძე.
მისი თქმით, მერიას უკვე წარუდგინა შესასრულებელი სამუშაოების
ხარჯთაღრიცხვა, თუმცა, დაწუნების შესახებ მისთვის არაფერი
უცნობებიათ.
რაც შეეხება თეთრ ქვებს, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ იმიტირებული
ქვების იდეა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიწუნა, თუმცა,
არქიტექტორი ამბობს, რომ სააგენტომ პროექტი ქვებთან ერთად დაამტკიცა,
მათი ამოღება კი მერიის გადაწყვეტილებით მოხდა.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ახლა გადაჭრით ამბობს, რომ
ხიდზე იმიტირებული ქვები არ განთავსდება.
"არსებობს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილება, რომელიც
წერილობით არის დაფიქსირებული მერიაში და სადაც წერია, რომ არსებულ
ვიზუალს აღარ მოუხდება ასეთი რამ",-ამბობს მირზა ხიდაშელი.
თეთრ ხიდზე ხარვეზების აღმოსაფხვრელად განმეორებითი სამუშაოების
ჩატარება ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ხიდის საზეიმო გახსნიდან
ორ თვეში
დაანონსა.
იმას, რასაც მერია ხარვეზების გამოსწორებას ეძახის, ადგილობრივ
ბიუჯეტს ყველაზე მცირე 180 000 ლარი დაუჯდება. სწორედ ეს
ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა პროექტის ავტორმა მერიას, თუმცა, რადგან
არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ
ხუჯაძის მიერ წარმოდგენილ პროექტში სამუშაოების ნაწილი დათვლილი არ
არის, სავარაუდოდ, მერიას უფრო მეტის გადახდა მოუწევს.
თეთრი ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები "ალმა რუსმა" შეასრულა,
როგორც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ. "ალმა რუსმა" ისტორიული
ხიდის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა 435 000 ლარის სანაცვლოდ აიღო,
თუმცა, ქუთაისის მერიაში ირწმუნებიან, რომ კომპანიას მხოლოდ 290 000
ლარი გადაუხადეს. ხარვეზების გამოსასწორებლად კი ბიუჯეტიდან
დამატებითი თანხის გამოყოფა საჭირო არ გახდება და ხარჯები სატენდერო
თანხიდან ანაზღაურდება.
"ალმა რუსთან" ქუთაისის მერიას ახლა სასამართლო დავა აქვს. მერია
კომპანიისგან 185 000 ლარის დაბრუნებას ითხოვს.
ხარვეზების გამოსწორებამდე მერიას ხიდზე დაზიანებული მინის შეცვლა
მოუწევს, რომელიც გახსნიდან ორ თვეში დაიბზარა. თვითმმართველობაში
მაშინ განაცხადეს, რომ მინა ბავშვებმა დააზიანეს.
დაზიანებული მინა მერიამ ორმაისობის დღესასწაულამდე უნდა
შეცვალოს.
ვინ დააპროექტებს თეთრ ხიდზე განმეორებით სამუშაოებს, ეს იმაზეა დამოკიდებული,
წავა თუ არა პროექტის ავტორი დათმობაზე და იტყვის
თუ არა უარს ხიდზე თეთრი ქვების განთავსებაზე.
ამავე თემაზე:
ხიდი, რომელსაც "გახსნა" არ
ეღირსა
როგორი
უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი ხიდი
განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)
თეთრ
ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს
თეთრი ხიდიდან
ქვები აიღეს
სად
წაიღეს თეთრ ხიდზე მიტანილი 13 ქვა
მასალის გამოყენების პირობები