თეთრ ხიდზე დადებული თეთრი 13 ქვა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
საპატრულო პოლიციის მეთვალყურეობით აიღო.
ამჟამად ქვები მერიის საწყობში ინახება.
ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, ქვების
დადებით ქვეითთა და ავტომანქანათა მოძრაობა ფერხდებოდა, რის გამოც,
მიიღეს გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციის თანხლებით ქვები აეღოთ და
მერიის დაქვემდებარებაში არსებულ საწყობში შეენახათ.
"ღამის 01:00-02:00 საათისთვის ავიღეთ. ვერ დავუკავშირდით სამუშაოების
შემსრულებელ კომპანიას, ხელმძღვანელს ტელეოფონი გამორთული ჰქონდა,
ამიტომ გამოვიძახეთ პატრული და მათი მეთვალყურეობით ჩავატარეთ ეს
სამუშაოები", - ამბობს ზვიად ჯავახია.
მისივე თქმით, ხიდზე ქვების მიტანის ფაქტზე ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმიც შედგა, რომელიც განსახილველად სასამართლოში
გადაიგზავნება. დარღვევის დამტკიცების შემთხვევაში, კომპანიას 2 000
ლარამდე ჯარიმა დაეკისრება.
თეთრი ქვები თეთრ ხიდზე 5 დეკემბრის საღამოს, სამუშაოების
შემსრულებელმა კომპანიამ "ალმა რუსმა" მიიტანა. კომპანიის
წარმომადგენელი ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ
ქვების დადება ხიდზე ნამდვილად მათ მიერ მოხდა, თუმცა სხვა დეტალებზე
ჯერ ვერ ისაუბრებს.
"ახლა მივდივარ მერიაში. უნდა გავარკვიო რა ხდება, მანამდე ვერაფერს
გეტყვით," - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე
ელოდნენ, სამ ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.
ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის
დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე
გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.
თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან
დაფინანსდა და მისი რეაბილიტაციისთვის 445 000 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ალმა რუსმა"
შეასრულა.
მთავარი ფოტო: თორნიკე ბარათაშვილი
ამავე თემაზე:
როგორი უნდა ყოფილიყო და როგორია თეთრი
ხიდი
განახლებული თეთრი ხიდი ღამით (ფოტო)
თეთრ
ხიდზე თეთრი ქვები მიიტანეს
თეთრი ხიდიდან ქვები
აიღეს
მასალის გამოყენების პირობები