ესტონეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების, მათ შორის ქუთაისელი
სტუდენტების, ორგანიზებით, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 9 აპრილის
მოვლენების დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს.
"ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წლის თავზე, ტალინში, თავისუფლების
მოედანზე, მშვიდობიანი შეკრება ჩავატარეთ და ახალგაზრდებმა პატივი
მივაგეთ იმ გმირების ხსოვნას, რომელთაც საქართველოს
დამოუკიდებლობისათვის თავი გასწირეს", - ამბობს ტალინში მცხოვრები
ქუთაისელი სტუდენტი, ვახო კაჩუხაშვილი.
9 აპრილის ისტორია ქართველმა ახალგაზრდებმა ესტონელ თანამოძმეებს
გაუზიარეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც წინ
უძღვოდა საბჭოთა კავშირის ზეგავლენის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში,
საბოლოოდ კი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წლის 9
აპრილს.
შეკრებილმა სტუმრებმა სიმბოლურად თითო სანთელი დაანთეს დაღუპულთა
მოსაგონებლად. მათ ვიდეო და ფოტო გამოფენაც დაათვალიერეს, რომელიც სამ
ენაზე იყო მომზადებული. შეკრების ბოლოს სტუმრებმა საქართველოს ჰიმნიც
იმღერეს.
მასალის გამოყენების პირობები