შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიღებული ახალი კანონით
ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი დღეიდან გამკაცრდა.
კერძოდ, ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
მომზადებული კანონპროექტი, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების
შესახებ.
უწყების ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად,
შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების
დარღვევის პირველივე შემთხვევისას, მის დამრღვევს უკვე
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
"ცვლილების თანახმად, პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და
ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებულია, როგორც
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. გამკაცრდა სასჯელი
არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული
დანაშაულისათვის," –აცხადებენ შსს–ში.
ასევე, ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე
თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სასჯელად ორ წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო გენდერის ნიშანი მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და
თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა განისაზღვრა
დამამძიმებელ გარემოებად. სესაბამისად, გენდერული ნიშნით
ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა უფრო მკაცრად დაისჯება.
მასალის გამოყენების პირობები