პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განმარტებით, მთავრობას
გათვითცნობიერებული აქვს ყველა რისკი და ამიტომ გადაწყვიტა მარიხუანას
კულტივაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომამდე გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის თქმით, თუ კულტივაცია
გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში არ მოექცევა, ეს მნიშვნელოვან
რისკებს შექმნის.
"ვინაიდან გვაქვს რისკები გათვითცნობიერებული, რომ არ შეიძლება,
ზოგადად ამ მცენარის და ამ ნივთიერების კულტივაცია, რომ იყოს
სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება,
რომ აუცილებლად მკაცრად რეგლამენტირებული უნდა იყოს ის და სწორედ ამ
რისკიდან გამომდინარე მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი
ამოსავალი წერტილი გახლდათ დაგვეზღვია რისკები. თუ კულტივაცია არ
იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული, ეს შექმნის ძალიან
მნიშვნელოვან რისკებს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ რეგლამენტირებაა
აუცილებელი, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი გახლავთ ეს, რომ არ მოხდეს ამ
მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შექმნას რისკები. რაც შეეხება
ბაზარს, თუ ვინ იქნებიან ინვესტორები და ა.შ. ეს, ამ შემთხვევაში
მეორე და მესამეხარისხოვანია. მთავარი გახლავთ ის, რომ არ მოხდეს ამ
მცენარის კულტივაცია ისე, რომ ამან შეუქმნას რისკები ჩვენს
საზოგადოებას და მათ ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე აუცლებელია,
რომ მოხდეს კულტივაციის რეგლამენტირება. რა თქმა უნდა, ეს არ
გამორიცხავს იმას, რომ პროდუქცია შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ
ეს უნდა იყოს მკაცრად რეგლამენტირებული. ჩვენ უნდა ვიყოთ
დარწმუნებული, რომ ერთი გრამი ამ ნივთიერების არ მოხვდება უკანონო
ბრუნვაში და არ შეუქმნის ეს ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების
ჯანმრთელობას პრობლემას", - განაცხადა ბახტაძემ.
მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც
ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე
გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული
ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, შს სამინისტროს
წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი
გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ
მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო
ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად
გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით,
გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი
კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში
განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი,
რაოდენობა და ასე შემდეგ.
new.ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები