ლენტეხის მოსახლეობამ, ათდღიანი პროტესტის შედეგად, ხელედულა ჰესის
მშენებელი კომპანია აიძულა ტერიტორიიდან ტექნიკა გაეყვანა.
სპეციალური ტექნიკა ლენტეხი–ცაგერის გზას ამ წუთებში ტოვებს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ კომპანიისგან პირობა მიიღეს, რომ
ტექნიკა ორი დღის განმავლობაში სრულად დატოვებს ტერიტორიას.
ხელედულა ჰესის მოწინააღმდეგეები ახლა უკვე პროექტის გაუქმებას
ითხოვენ და ამ საკითხზე მოლაპარაკებას ხელისუფლებასთან აპირებენ.
ჯერ კიდევ 27 ივლისს, როცა ადგილობრივებს ეკონომიკის მინისტრის
მოადგილე, გიორგი ჩიქოვანი შეხვდა, იგი ტექნიკის გაყვანას
გამორიცხავდა.
ლენტეხის მოსახლეობა მათ რაიონში ჰესის მშენებლობას 22 ივლისის შემდეგ
აპროტესტებდა. ადგილობრივებმა ლენტეხი–ცაგერის გზაზე კარვები დადგეს
და შიმშილობა დაიწყეს. ისინი ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას
ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. პარალელურად, საპროტესტო
აქციები მიმდინარეობდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის შენობის წინ.
მოსახლეობა ამბობს, რომ ხელედულა ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ
სახლებს დააზიანებს, რადგან ჰესის მიმდებარე ტერიტორია მეწყრული
ზონაა. ლენტეხის მცხოვრებლები, ასევე, შიშობენ, რომ მდინარე ხელედულას
გვირაბში მოქცევის შემდეგ მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე
დარჩება.
ხელედულა ჰესის მშენებელ კომპანიაში ამბობენ, რომ სინამდვილეში
მოსახლეობა ჰესს არ ეწინააღმდეგება და პროტესტს მხოლოდ ის ადამიანები
გამოთქვამენ, ვინც კომპენსაცია ვერ მიიღო.
ის, რომ ჰესის სამშენებლო ტერიტორია გეოლოგიურად საშიშ ზონას
წარმოადგენს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. ის 2017 წლის 24 მაისს
არის დამტკიცებული. დოკუმენტის მიხედვით, მდინარე ხელედულას ხეობაში
ჰესის მშენებლობა რამდენიმე მიმართულებით რისკს შეიცავს.
"მდინარე ხელედულას ხეობა ხასიათდება საშიში გეოდინამიკური პროცესების
მაღალი რისკებით. ხეობაში მრავლადაა მეწყრული და ეროზიული პროცესების
აქტიური კერები, შესაბამისად, მაღალია ეროზიული პროცესების
გაქტიურების რისკები. მნიშვნელოვანი ზემოქმედებაა მოსალოდნელი
ბიომრავალფეროვნებაზე. მოსალოდნელია ტყის გაჩეხვა 18-20 ჰა-ზე.
ზემოქმედება მოსალოდნელია წყლის ფაუნის წარმომადგენლებზე,
განსაკუთრებით ნაკადულის კალმახზე",- ნათქვამია გეოლოგიურ
დასკვნაში.
"შპს "გამა კონსალტინგმა" მიერ 2017 წელს მომზადებულ გარემოზე
ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ
ჰიდროელექტროსადგურის ხელედულა–3 სეისმურად აქტიურ რეგიონში, კერძოდ,
1 ხარისხის სეისმურ ზონაში მდებარეობს.
"ხელედულა 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა თურქულმა
კომპანია "ანადოლუ ჯგუფმა" 2015 წელს მოიპოვა, რომელმაც შემდგომ
საქართველოში ქართული კომპანია "ხელედულა ენერჯი" დაარსა.
ხელედულა 3 ჰესის დადგმულ სიმძლავრედ 50.767 მგვტ-ია განსაზღვრული.
ჰესმა წლის განმავლობაში 232,8 მლნ.კვტ.სთ. ელექტროენერგია უნდა
გამოიმუშაოს.
პროექტის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.
მასალის გამოყენების პირობები