ბლოგები
რატომ არ მაოცებს ნიუ-იორკი
FaceBook
ეს ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც 800 სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ცათამბჯენების აშენებასაც არ ეშვებიან.

ასე მგონია, მესოპოტამიაში დაწყებული ქალაქის მშენებლებმა (აი, ბაბილონის გოდოლს რომ აშენებდნენ და ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა ენა აურია), ყველამ თავი ნიუ-იორკში მოიკრიბა.

საინტერესო ფენომენია, ძველები, - როკფელერებს, კარნეგებს, რეიმონდებს მოსწრებული არისტოკრატი ბერხუცები - ჯიუტად გაურბიან ქალაქს "ნიუ-იორკი" დაუძახონ, იტყვიან City და გაგრძნობინებენ, რომ იგნორს უკეთებენ გარშემო სხვა ქალაქების არსებობას და ამ მეფე-ქალაქის გარდა, სხვა ქალაქის არსებობას არ აღიარებენ.

ისინი, ალბათ, 1785-1790 წლებს მისტირიან, ეს შენი ნიუ-იორკი, თუ ახალ ამსტერდამად წოდებული, მთლად ახლად შეერთებული შტატების დედაქალაქი რომ იყო.

მე შევხვედრილვარ ასეთ ხალხს აქ, ნაღდ იორკელებს, კენედი მარტო იმისთვის რომ "შეიძულეს", ვერაზანოს ხიდისთვის მისი სახელის დარქმევა რომ განიზრახეს.

ერთ ასეთს ვიცნობდი, - ჩემს ქალაქში ყოველ წელს სისხლის ბანკი მოდიოდა, და ორივენი, უიშვიათესი სისხლის დონორები, იქ ვხვდებოდით ერთმანეთს.

მან შემაყვარა ნიუ-იორკი - ბებერი ხარის მოხნული რქებით.

მის შემდეგ, მახსოვს მისი მონათხრობი ყველა ზღაპარი:

- თუ ვერაზანო-ხიდზე, საცობში გავიჭედები, დროს უქმად ნერვიულობაზე არ ვხარჯავ, - დაბლა ვიხედები, რომ ის შევიწროებული ყელი დავინახო, ამ 18 ათასი წლის წინ, ჯერ კიდევ ყინულის ხანაში, ბრუკლინ-სტეიტენ აილენდი რომ გაუყვია ორად.

სჯობს, ის ფლორენციელი ვერაზანო წარსულში დავტოვოთ და ჩემს ქართულ ნიუ-იორკს მივხედოთ.

აი, ხშირად მიწევს ვესტ-საიდზე გავლა, სხვანი თუ მინის ამ ცათამბჯენებს სიმაღლის გამო აათვალიერებენ, მე კონგრესის ბიბლიოთეკაში პატენტების განყოფილებაში ამოკითხული ის ფრაზა მახსენდება, გრიგოლ კობახიძის გამოგონებაზე რომ იწერებოდა. "კობიდ" წოდებულ იმ ქართველს რომ არ მიეღო მინის გამძლეობის ის ქიმიური ფორმულა, ეს ვესტ-საიდი ისევ ნესტიან ჭაობად დარჩებოდა და მანჰეტენსაც ის პეწი დააკლდებოდა, ახლა რომ თავს იწონებს.

ამის გააზრება და, აი, იმ ცათამბჯენების ათვალიერება სულაც არ მჭირდება, იმდენად ვმაღლდები სიამაყით.

არა, სიამაყე და მამალივით "გაფხორვა" არც ლინკონ-ცენტრში შესვლისას მაკლდება, რომ წარმოვიდგენ, თავისი ჩია მხრებით რამხელა ბალეტი აჩუქა ამერიკას მთლად ქუთაისელი მელიტონ ბალანჩივაძის უმცროსმა ვაჟმა, გიორგი ბალანჩივაძემ, "ბალანჩინად" წოდებულმა.

იმდენად დიდი კვალი დატოვა, რომ ნებისმიერ კონცერტზე შესულს იმ ცენტრში, ბალანჩინის ნაფეხურების ხმა მესმის და მისი სახელის ექოზე კედელს აკრულ იანკებსაც ცხადად ვხედავ.

მერე რა, რომ 32 წელი გასულა მისი ამქვეყნიდან გასვლიდან.

ჩამოვივლი მეხუთე ავენიუს და, ტირილი მინდება, 1935 წლის 5 აპრილის "ნიუ-იორკ თაიმსში" ამოკითხული წარმომიდგება: ათი ქუჩა გადაიკეტა, იმდენი ხალხი მოვიდა პრინც მაჩაბელთან გამოსამშვიდობებლადო; ნიუ-იორკის პოლიცია ცხენებით იცავდა წესრიგსო; ხალხს ქილებში ანთებული სანთლები მოეტანათო; რუსულ ეკლესიაში კლივლენდიდან სპეციალურად ჩამოსული ქართველი მამაო უგებდა წესსო და ქართული გალობა ნიუ-იორკის ქუჩებს ეფინებოდაო.

"შენო, ნეითენის განთქმული ჰოთ-დოგი გიჭამია კონი-აილენდზეო? კონი-აილენდის პასპორტიაო", - მიმტკიცებს იანკი.

არა!!! კონი-აილენდზე შესულს მე ყოველთვის 1931 წლის ის 13 აგვისტო მახსენდება, სტადიონზე შეკრებილი 6 ათასი მაყურებელი ტაშით და ოვაციებით რომ აჯილდოებდა მარტოსულ, სამშობლოშიმივიწყებულ ქუთაისელ კოლა ქვარიანს, ბეჭზე რომ დასდო მსოფლიონი ჩემპიონი ჯიმ ლონდოსი.

ასეთი გასახსენებელი ბევრია, სხვა დროსაც ბევრს დავწერ, ალბათ.

ახლა, უბრალოდ მომინდა ორი სიტყვა დამეწერა, როგორია ჩემი წილი ნიუ-იორკი, რატომ არ მაოცებს თაიმს-სკვერი და მოციმციმე ტაბლოები, თამარა თუმანიშვილ-გამოვლილი ბროდვეის სცენები (ამაზე სხვა დროს მოგიყვებით), ჰუდსონზე გადაჭიმული მოციმციმე პანორამა, დიდი ვაშლი თუ კინგ კონგი... მილტონ გლეისერის ერთი ხელისმოსმით ჯერ კიდევ 1977-ში მოფიქრებული და მერე მსოფლიოში ატაცებული უბრალო წარწერა თუ ლოგო - I ❤ NY

ნიუ-იორკში, ჩემი ქართული კვალი იმხელაა, ცათამბჯენებიდან-ბალეტამდე, ნიუ-იორკის მეტროს შემქმნელებშიც, ამერიკის ლიტერატურის ტრუბადურებშიც (პირველი პარფიუმის მიმპკურებლებიც ჩვენ ვიყავით ამ ქალაქისათვის), რომ ტაბლოებისთვის და ბროდვეებისთვის მოუცლელობა გვეპატიება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
17:48 / 03.05.2024
"გვირილობა" იგივე "ქუთაისქალაქობა" "თბილისობისგან" განსხვავებით საბჭოთა პერიოდში არ დაბადებულა.
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.