ახალი ამბები
ქუთაისის მერის მრჩევლების პროექტი 5 თვეა დამტკიცებას ელოდება
FaceBook
"კოეფიციენტები რომ დროზე მიგვეღო, "მაკდონალდსი" არ აშენდებოდა",– ასე პასუხობს ქუთაისის მერის მრჩეველი, ოთარ ჩიხლაძე ქალაქის განაშენიანების გეგმის დამტკიცების გადავადებას.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ "ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისა და განაშენიანების რეგულირების წესის" პრეზენტაცია გასული წლის 9 აგვისტოს გამართა. მაშინ ითქვა, რომ გეგმა საკრებულოს იმავე თვის ბოლოს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა, 5 თვის შემდეგაც, ქალაქის აღმასრულებელს შესაბამისი დოკუმენტი  საკრებულოში არ შეუტანია.

ქალაქის სამი მრჩევლის, ოთარ ჩიხლაძის, მამუკა კუბლაშვილისა და ზურაბ ხურციძის მიერ მომზადებული განაშენიანების გეგმის მიხედვით, რომელზეც ისინი 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, ქალაქი აქამდე არსებული 3 ზონის ნაცვლად, 9 მთავარ და 20 ქვეზონად დაიყო.

პროექტის სამუშაო ვერსიაში შეიცვალა ზონების მიხედვით კოეფიციენტების განსაზღვრის წესიც. კონკრეტულად, თუ აქამდე ქალაქის სამივე ზონაში დადგენილი იყო მშენებლობის კოეფიციენტი, რომელიც სტადარტს წარმოადგენდა, მომზადებულ პროექტში კოეფიციენტი არა ზონის მიხედვით, არამედ განაშენიანების ინტენსივობის მიხედვით განისაზღვრა. რის შედეგადაც, შესაძლოა, მაგალითად, მესამე ზონაში ფრაგმენტულად მივიღოთ პირველ ან მეორე ზონაში დასაშვები სიმაღლის შენობები, ან პირიქით. თუმცა, გეგმაში, ასევე, მითითებულია, რომ პირველ ზონაში 15 მეტრზე უფრო მაღალი შენობის აშენება აკრძალულია. 

სამშენებლო კომპანია "დიზაინკომპლექს – ქუთაისის" დამფუძნებელი და დირექტორი ზურაბ გუბელაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ყოველი კონკრეტული მშენებლობის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა უნდა ჰქონდეს.

"რასაც მოითხოვს კონკრეტული ადგილი, იმის მიხედვით უნდა დაპროექტდეს. თუ ერთ ზონაში მხოლოდ 12 სართულიანი კორპუსების მშენებლობა შეიძლება, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მე არ მექნება უფლება მაგალითად 10 სართულიანი ან პირიქით – სტანდარტზე უფრო მაღალი ავაშენო", –ამბობს ზურაბ გუბელაძე.

მერის მრჩეველი,  ოთარ ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ქალაქის ხელისუფლებას კოეფიციენტები ამ დრომდე რომ დაემტკიცებია, ქალაქის ცენტრში რამდენიმე მიმდინარე და დაგეგმილი მშენებლობა ვერ განხორციელდებოდა.

"არამხოლოდ "მაკდონალდსი", თეთრ ხიდზეც ვერ აშენდებოდა ის სასტუმრო, კოეფიციენტები რომ გვქონდეს. არც ერთი მათგანი არ ჯდება სტანდარტში",– ამბობს ოთარ ჩიხლაძე.

5 თვის წინ შემუშავებული დოკუმენტის დაკანონების გაჭიანურება გააპროტესტა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ.

მისი თქმით, იმისთვის, რომ საბოლოოდ განისაზღვროს ქალაქის რომელ ზონაში რა ტიპის მშენებლობაა ნებადართული, აუცილებელია შესაბამისი გეგმა არსებობდეს.

"ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიგვეღო კოეფიციენტები და ამ დრომდე არ დაგვიმტკიცებია. რატომ გაჭიანურდა? ხომ უნდა ვიცოდეთ ქალაქში სად რისი აშენება შეიძლება და სად არა", –განაცხდა ზაზა ლომინაძემ.

ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში კოეფიციენტების დამტკიცებას მინიმუმ წლის ბოლომდე არ ვარაუდობენ.

სამსახურის უფროსის, ბაქარ ჭეიშვილის თქმით, შეფერხების მიზეზი ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესია, რომლის გარეშეც კოეფიციენტების დამტკიცება არასწორია, რადგან უცნობია კონკრეტული ზონის დეტალური საჭიროება, განაშენიანების კუთხით. 

"კოეფიციენტებს ვერ დავამტკიცებთ, ვიდრე ქალაქის გენერალური განვითარების გეგმა არ შემუშავდება, რადგან გენ.გეგმამ, შესაძლოა კოეფიციენტის შეცვლა გამოიწვიოს. თუ ახლა ვამბობთ, რომ ერთ ზონაში დასაშვებია კონკრეტული კოეფიციენტით განაშენიანება, გენ.გეგმამ შესაძლოა ამ კოეფიციენტის აწევა ან პირიქით, დაწევა გამოიწვიოს. მაგალითად, იქ, სადაც განაშენიანების მაღალი ინტენსივობაა და იქვე წამოვიდა დაბალი შენობების ტენდენცია, შესაძლოა, მოსახლეობის მოთხოვნის ან ბიზნესინტერესის გამო გადაიხედოს იმ კონკრეტულ ზონაში მოქმედი კოეფიციენტი. ამიტომ, ჯერ უნდა ვიცოდეთ, სად რა გვაქვს",– ამბობს ბაქარ ჭეიშვილი.

კოეფიციენტების დამტკიცებაზე უარის თქმის მიზეზად გენერალური გეგმის არარსებობას გამორიცხავს მერის კიდევ ერთი მრჩეველი, მამუკა კუბლაშვილი, რომელიც განაშენიანების რეგულირების წესის ერთ–ერთი ავტორია.

მისი თქმით, პროექტი სრულყოფილია და მისი დამტკიცებისთვის ხელი არაფერს უნდა შეეშალა.

"გენერალური გეგმა არაფერ შუაშია. კოეფიციენტის მიღებას ეს ხელს არ უშლის. ყველა სტადია გაიარა ჩვენ მიერ შემუშავებულმა გეგმამ, სფეროს სპეციალისტებმაც ნახეს, არასათავრობოებსაც ვაჩვენეთ. ის აბსოლუტურად სრულყოფილია, თუმცა, ვერ გეტყვით რატომ არ ხდება დამტკიცება",–ამბობს მამუკა კუბლაშვილი.

ბაქარ ჭეიშვილის თქმით კი  ქალაქი წლის ბოლომდე ვერც გენერალურ გეგმას დაამტკიცებს. ის ამბობს, რომ ჯერ ამისთვის საჭირო თანხებიც არ არის მოზიდული.

"ვეძებთ ფინანსებს. დაახლოებით 3-დან 5 მილიონამდე ლარი არის ამისთვის საჭირო. ახლა ინფორმაციის შეგროვების პროცესში ვართ, ძირითადად მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების ადგილმდებარეობას ვსწავლობთ. წლის ბოლომდე თუ მოესწრო გენ.გეგმაზე ტენდერის გამოცხადება, კარგი იქნება",–ამბობს ბაქარ ჭეიშვილი.

მისივე თქმით, განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცება გენერალური გეგმის შემუშავების პარალელურად მოხდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.