"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქუთაისში კონტრაქტორი
ფირმის SMK მუშაობით უკმაყოფილოა.
კომპანიაში მათ მიერ სამუშაოების გრაფიკის დარღვევასა და მათ
გაჭიანურებაზე საუბრობენ.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის მოადგილის,
ზაზა სიხარულიძის თქმით, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარი
აქამდეც უნდა მოწესრიგებულიყო, თუმცა SMK სამუშაოების დასრულებას ვერ
ახერხებს.
ზაზა სიხარულიძე არ გამორიცხავს, რომ თურქულ კომპანიაში ადგილობრივი
წარმომადგენლობის შეცვლის საკითხი დადგეს.
"მივმართეთ მათ სათაო ოფისს ანკარაში და მოვითხოვეთ სიტუაციის
გამოსწორება. თუ საჭირო იქნება გაატარონ საკადრო ცვლილებებიც",-
აცხადებს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის
მოადგილე ზაზა სიხარულიძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.
მისივე თქმით, კომპანიას ახალი ქუჩების გაჭრის უფლებას მანამდე არ
მისცემენ, ვიდრე უკვე გათხრილი ქუჩები არ მოწესრიგდება.
"5-6 ქუჩაა, რომლებიც გადათხრილია და არ არის ბოლომდე მიყვანილი,
მაგალითად ასათიანის ქუჩა. ჯერ მიიყვანონ ეს სამუშაოები გარკვეულ
კონდიციამდე, ჩაატარონ ჰიდრავლიკური ტესტი, მოხრეშონ და მოამზადონ
ასფალტის საფარის მოსაწყობად. ვიდრე არ დაასრულებენ ამათ, მანამდე არ
მივცემთ ახალი ქუჩების გადათხრის უფლებას, - აცხადებს ზაზა
სიხარულიძე.
მიუხედავად იმისა, რომ თურქულ კომპანიას გრაფიკი არა ცალკეული ქუჩების
მიხედვით, არამედ, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის მიხედვით
აქვს, "წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ SMK-მ ვადები უნდა
დაიცვას და ქალაქში ქაოსი არ უნდა შექმნას.
ბრალდებებზე საუბარი არ სურთ SMK-ს ადგილობრივ წარმომადგენლობაში და
აცხადებენ, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხი "წყალმომარაგების კომპანიას"
აქვს.
"მიმართეთ წყალმომარაგებას. ჩვენ დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით",-
აცხადებენ SMK-ში.
თურქულ კომპანიას ვადებთან დაკავშირებული პრობლემები ადრეც ჰქონდა.
ქალაქში მიმდინარე სამუშაოების გაჭიანურება არაერთხელ გააპროტესტეს
ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმა. კომპანიაში მაშინ სამუშაოების
გაჭიანურების მიზეზად
არამდგრადი ამინდები დაასახელეს.
გასულ კვირას კი
SMK-ს
საკუთარი თანამშრომლებიც დაუპირისპირდნენ. წყლის სარეაბილიტაციო
სამუშაოებზე დასაქმებულებმა ხელმძღვანელობა ხელშეკრულების დარღვევაში
დაადანაშაულეს და დასვენების დღეების გაზრდის მოთხოვნით
გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს.
მასალის გამოყენების პირობები