კოლია ქვარიანი მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო
მოღვაწეთა პანთეონში, რეზო ჭეიშვილის გვერდით
დაიკრძალება
ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე კოლია ქვარიანი სამშობლოში
ბრუნდება!
"ბეჭდაუდებელი ფალავნის" ნეშტს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ
ლინდენის როუზჰილის სასაფლაოდან ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ, 7
ივნისს გადმოასვენებენ ქუთაისში.
აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი ავრცელებს, რომელიც
კოლია ქვარიანის ნეშტის გადმოსვენების საკითხზე მომუშავე
საორგანიზაციო კომისიის წევრია.
"დღეს ქუთაისის მერიაში შევიკრიბეთ საორგანიზაციო კომისიის წევრები და
მერის ხელმძღვანელობით არაერთი დეტალი დავამუშავეთ. წინ დიდი
სამუშაოა, რათა ღირსეულად დავაბრუნოთ ქართული ჭიდაობის ლეგენდა,
სამშობლოში თუ საზღვარგარეთ უამრავი სახელგანთქმული ფალავნის
წამქცევი, ამერიკაში უძლეველი "ნიკ მოჭიდავის" სახელით ცნობილი,
50-იანი წლების მანჰეტენის გამორჩეული კოლორიტული ფიგურა, სტენლი
კუბრიკის ფილმში "სასიკვდილო"- მაურის ობუხოვის როლის ბრწყინვალედ
შემსრულებელი, მსოფლიოს უდიდესი ფალავნების აღმზრდელი და, ბოლოს და
ბოლოს, ქუთაისზე დიდი ნოსტალგიის მატარებელი ულამაზესი კაცი - კოლია
ქვარიანი", - აღნიშნავს ნანული ცხვედიანი.
ქუთაისელი ფალავანი კოლია ქვარიანი გარდაიცვალა 1980 წლის 17
თებერვალს 77 წლის ასაკში. ცნობილი იყო, რომ ქვარიანი ნიუ-ჯერსისა და
ნიუ-იორკის საზღვარზე არსებულ საფლავზე იყო დაკრძალული, თუმცა მის
საფლავს წლები ეძედნენ. მრავალწლიანი ძებნის შემდეგ ლეგენდარული
ქართველი მოჭიდავის საფლავი 2007 წელს, ამერიკაში მცხოვრებმა
ქუთაისელმა ჟურნალისტმა მანუჩარ კაჭახიძემ იპოვა.
ცნობილია, რომ ქვარიანი კიდევ 4 ადამიანთან ერთად არის
დასაფლავებული.
კოლია ქვარიანი ქუთაისელი იყო, ის 1920-იან წლებში, თეთრ ხიდთან
არსებულ ცირკის არენაზე გამოდიოდა. მისი სახელის საპატივცემულოდ
ქუჩას, სადაც ის ცხოვრობდა, მისი სახელი დაერქვა.
ქვარიანს ერთი სურვილი ჰქონდა - გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი
დაეწვათ, ხოლო ფერფლი ქუთაისში, მდინარე რიონში, ქვარიანის ჩქერებში
მოეყარათ.
"მრავალი წლის შემდეგ ახდება დიდი ქართველი ემიგრანტის უკანასკნელი
სურვილი - საბოლოოდ ჩამოვა მშობლიურ ქალაქში, რომლის ქუჩებში ფერფლად
მიმოფანტვასღა ნატრობდა სიბერის ჟამს. იგი მწვანეყვავილას მწერალთა და
საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, რეზო ჭეიშვილის გვერდით დაიკრძალება,"
- აღნიშნავს ნანული ცხვედიანი.
რეზო ჭეიშვილის ცნობილი მოთხრობა "შალიკო ხვინგიაძის თავგადასავალი"
სწორედ კოლია ქვარიანზე საუბრით იწყება.
გადმოსვენებამდე, სამოქალაქო პანაშვიდი იგეგმება ნიუ-იორკშიც,
რომელსაც ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები