ხუთი წლის წინ, გეგუთის ციხეში გარდაცვლილი, 23 წლის ლევან კორტავას
მამიდა, ხათუნა კორტავა მისი ძმისშვილის სასიკვდილოდ ცემაში
ბრალდებულების დასჯას ითხოვს.
როგორც მან პრესკლუბ "მედია რუმში" განაცხადა, ამ დრომდე არ დასჯილან
ის ადამიანები, ვინც საქმეში ფიგურირებს და არც ისინი, ვინც
დამნაშავეებს ხელი დააფარა.
ხათუნა კორტავა, მისი თქმით, საქმის მთავარი გამყალბებლების,
ყოფილი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის და მისი მოადგილის ლაშა
ნაცვლიშვილის დასჯას ითხოვს. მისივე თქმით, ამ დრომდე საქმე არ არის
აღძრული რეჟიმის უფროსზე, თენგიზ კუჭავაზე, ხოლო, ციხის უფროსი,
მალხაზ სინაურიძე მაღალჩინოსნების ხელშეწყობით საზღვარგარეთ
გაუშვეს.
ხათუნა კორტავა ამბობს, რომ მისი ძმისშვილი გეგუთის ციხეში ე.წ.
"ოფშიაკის" გამო დაწყებული გარჩევის გამო სცემეს, რაშიც, ჩართული იყო
ციხის ადმინისტრაცია.
"ლევანი შეწირეს ე.წ. მაყურებლებს შორის "ოფშიაკის" გამო დაწყებულ
გარჩევებს. ციხის მაშინდელ უფროსს, მალხაზ სინაურიძეს ამავე ციხის
პატიმარი, ლაშა კვალტალიანი სთხოვდა "ოფშიაკის" ფულს. სინაურიძემ მას
უთხრა, რომ თუ თავს დაანებებდა ლევან კორტავას მიუყვანდა, რომელსაც
მანამდე კვანტალიანთან ჰქონდა კონფლიქტი. ამის გამო, კვირა დღეს, როცა
ეტაპირება არ ხდება, ლევან კორტავა რუსთავის ციხიდან გეგუთის ციხეში
გადაიყვანეს. 25 პატიმარი სცემდა ლევანს გონების
დაკარგვამდე",–აცხადებს ხათუნა კორტავა.
ხათუნა კორტავა ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას
ელოდება, რომელიც 16 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 12 მაისს, გეგუთის ციხეში,
მსჯავრდებულ ლევან კორტავასა და დაწესებულების უსაფრთხოების
განყოფილების ინსპექტორ, ილია შანშაშვილს შორის სიტყვიერი
შელაპარაკება მოხდა, რომლის მოგვარებაც შანშაშვილმა ერთ–ერთ
მსჯავრდებულს დაავალა. გამოძიების ინფორმაციით, ილია შანშაშვილის
წახალისებით, ლევან კორტავა ექვსმა პატიმარმა განსაკუთრებული
სისასტიკით სცემა.
კორტავა მომხდარიდან 10 დღეში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
საქმეზე გეგუთის ციხის ადმინისტრაციის ხუთი თანამშრომელი
დააკავეს, თუმცა, ხუთივე მათგანმა საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ
დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები