ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციამ, აღმასრულებლს, გაჭიანურებული
ინფრასტრუქტურული პროექტები შეახსენა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა ისაუბრეს ასათიანის,
თბილისისა და რუსთავველის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე.
ბესიკ ბრეგაძის თქმით, წლებია ასათიანის ქუჩა მოუწესრიგებელია,
სამუშაოები გაჭიანურდა რუსთაველისა და თბილისის ქუჩებზე.
"ყველა ქუჩაზე სამუშაოები გაჭიანურებულია. ახლა უნდა გააკეთონ
თურმე ასათიანის ქუჩის პროექტირება, რუსთაველის ქუჩაზეც იგივე
მდგომარეობაა. სერიოზული პრობლემებია თბილსის ქუჩაზე, რომელსაც არავინ
აქცევს ყურადღებას და მალე ვნახავთ, რომ მისი დასრულება ვერ
მოესწრება ვადებში. არიან თუ არა მზად, რომ ამ გამოწვევებს
უპასუხონ, მე პირადად ძალიან მეეჭვება",-განაცხადა ბესიკ
ბრეგაძემ.
დეპუტატის კრიტიკას ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის
უფროსის მოადგილემ, მირზა ხიდაშელმა უპასუხა.
"ასათიანის ქუჩაზე ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ არსებული სანიაღვრე
არხი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას. შესაბამისად, უნდა გამოცხადდეს
ტენდერი საპროექტო სამუშაოებზე, რის შემდეგაც გვეცოდინება
შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა. რაც შეეხება რუსთაველის ქუჩას,
იქ სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია წყალკანალს. გვაქვს უკვე ამ გზის
პროექტი და როგორც კი დასრულდება წყლის სამუშაოები, დავიწყებთ
რეაბილიტაციას. თბილისის ქუჩას კი ოქტომბრამდე აქვს ვადა", -
განაცხადა მირზა ხიდაშელმა.
დღესვე, საკრებულოს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა ქალაქში იაშვილის,
დუმბაძისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 2 868 400 ლარის
გამოყოფას, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან
დაფინანსდება.
წინააღმდეგობის მიზეზად ოპოზიციამ ორი გარემოება დაასახელა. ერთი ის,
რომ მათი თქმით, მერიას ჯერ იმ ქუჩების რეაბილიტაცია არ მიუყვანია
ბოლომდე, რომლებზეც სამუშაოები დაიწყო და ახალი ქუჩების შემთხვევაშიც
იგივე მოხდება. ხოლო, მეორე მიზეზი ოპოზიციამ წინასაარჩევნო პერიოდს
დაუკავშირა და განმარტა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ გზით
წინასაარჩევნოდ პიარის გაკეთებას ცდილობს.
ოპოზიციის
წინააღმდეგობის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობამ
საბიუჯეტი ცვლილებას მხარი დაუჭირა.
მასალის გამოყენების პირობები