საკონსტიტუციო სასამართლომ
30 ივლისს ლეგალიზაცია მარიხუანის მხოლოდ
მოხმარებაზე გამოაცხადა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სასჯელის
გაუქმებას მის შეძენა-შენახვა-გადაზიდვაზე.
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ მან "გირჩის" მიერ
გასაჩივრებული კონკრეტული მუხლი განიხილა, რომელიც მარიხუანის ექიმის
დანიშნულების გარეშე მოხმარების დასჯადობას გულისხმობდა. შესაბამისად,
ეს არ ეხება მარიხუანასთან დაკავშირებით არსებულ სხვა
რეგულაციებს.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარიხუანას ადამიანები
დასვენებისა და განტვირთვის მიზნით მოიხმარენ და რომ პირს აქვს
უფლება, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი განტვირთვის სახე და
განახორციელოს შესაბამისი აქტივობა. თუმცა, ამასთანავე, საამართლო
ამბობს, რომ არც ეს უფლებაა აბსოლუტური, თუკი ის ზიანს აყენებს სხვის
უფლებებსა და საზოგადოებრივ ინტერესებს.
ასეთ გარემოებად საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს საგანმანათლელო,
სამედიცინო, საჯარო დაწესებულებებს, არმიასა და საზოგადოებრივ
ტრანსპორტს.
"გირჩის" სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებში სასამართლო წერს გარკვეულ
საფრთხეებზეც, რაც შესაძლოა, მარიხუანას ხელმისაწვდომობას მოჰყვეს და
პირველ რიგში ეს ეხება მასზე საბაზრო მოთხოვნის გაზრდას.
"სასამართლო ითვალისწინებს, რომ მარიხუანის მოხმარება მართლაც ქმნის
მასზე საბაზრო მოთხოვნას. ყველა მომხმარებლის ქმედება, ერთად აღებული,
უთუოდ ხელს უწყობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას და ამ გზით ზრდის
რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის. თუმცა, მარიხუანის მოხმარების
ინდივიდუალური ფაქტის მიმართ გამოყენებული რეაგირების ღონისძიება უნდა
შეესაბამებოდეს ამ ერთ ფაქტთან დაკავშირებულ საფრთხეს და არა იმ
საფრთხეებს, რომლებიც წარმოიშობა ერთად აღებული ყველა მომხმარებლის
ქმედებიდან",- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
რაც შეეხება კერძო, პრივატულ სივრცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით,
განტვირთვისა და გართობის მიზნით მარიხუანას მოხმარება დასჯადი აღარ
არის.
საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის თებერვალში უკვე გააუქმა
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 100 გრ.-მდე ნედლი და 70
გრ.-მდე გამომშრალი მარიხუანის შენახვაზე. 30 ივლისის
გადაწყვეტილებით კი იგივე რაოდენობით მარიხუანის მოხმარება
ლეგალური გახდა და გაუქმდა ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარიანი
ჯარიმის ან ერთიდან 6 თვემდე გამასწორებელი შრომის სახით.
მასალის გამოყენების პირობები