2018 წლის მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ყველა დასაქმებულს სპეციალური
სწავლების გავლა მოუწევს.
აღნიშნული დადგენილება მთავრობის სხდომაზე უკვე დამტკიცდა და ის
ძალაში მომავალი წლის 1 მაისიდან შევა.
დადგენილების ფარგლებში დამტკიცდა სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების
მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც
სიმაღლეზე მომუშავე ადამიანებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის
განისაზღვრა 2 მეტრის სიმაღლე, ხოლო ვარდნის საფრთხის შემცველად ჭები,
ღიობები, ნათხაური გრუნტები, სხვადასხვა ტიპის მშენებლობები. რაც იმას
ნიშნავს, რომ დადგენილებაში მითითებულია მოთხოვნები დამცავი
მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის, ზოგადი მოთხოვნები ხარაჩოების
მოწყობისა და ექსპლუატაციის, მოთხოვნები დაკიდული ხარაჩოების და ა.შ.
შესახებ. დადგენილება ასევე, განმარტავს, როგორი უნდა იყოს
უსაფრთხოების ბადეები.
დოკუმენტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, სამუშაოს
დაწყებამდე მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და რისკების
შეფასება და მიიღოს შესაბამისი პრევენციული ზომები, უნდა შეიმუშავოს
სამაშველო გეგმა და გამოყოს შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი
პირი, რომელიც ობიექტზე სიმაღლეზე სამუშაოების განხორციელებისას
დაიცავს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
დადგენილების დამტკიცებისთანავე დამცავი მოაჯირი უნდა დამონტაჟდეს
ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე;
მოაჯირი უნდა შედგებოდეს ვერტიკალური, საყრდენი, ზედა და შუა
ჰორიზონტალური ძელებისგან.
მოაჯირის ძირზე უნდა იყოს დამონტაჟებული მინიმუმ 10 სმ-ის სიმაღლის
ქვედა ჰორიზონტალური ძელი სხვადასხვა საგნის ან ხელსაწყოს ვარდნის
თავიდან ასაცილებლად. დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ხარაჩოების
სწორი დაპროექტება და დამონტაჟება.
ეს და სხვა სახის რეგულაციები საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 27
ოქტომბერს დაამტკიცა და ის უკვე გამოქვეყნდა
საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ გვერდზეც, რაც შეეხება,
სიმაღლეზე მომუშავე ყველა დასაქმებულისთვის სპეციალური სწავლებას ის
2018 წლის 1 მაისიდან განხორციელდება. რეგლამენტის წესების
შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს უფლებამოსილების ფარგლებში
სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი
ორგანოები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი
განახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები