ქუთაისში დევნილთა ადგილობრივ სამმართველოსთან აფხაზეთიდან დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
პროტესტის მიზეზს ქუთაისში, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში ბინების განაწილება წარმოადგენდა, რომლებიც დევნილთა აზრით უსამართლოდ მოხდა.
როგორც დევნილები ირწმუნებიან, საცხოვრებელი ფართები იმ ადამიანებმა მიიღეს, რომლებიც შესაბამის ქულებს ვერ აკმაყოფილებდნენ. აფხაზეთიდან დევნილები ამბობენ, რომ ბინები არის გაყიდული და სწორედ ამის გამო მიკუთნებული მათზე, რომელთაც რეალურად ბინა არ ეკუთვნოდა.
"სამინისტორიში არის ოთხკაციანი ხროვა, რომელიც ბინებს უსამართლოდ ანაწილებს. მე ვასახელებ მათ სახელებსა და გვარებს: რეზო ქობალია, მურად აბლოთია, გოგი ფაცაცია და თავად მინისტრი სოზარ სუბარი. მათი ბრძანებით გაიცემა ისეთ ადამიანებზე სახლები, რომელთაც არ უნდა ქონდეთ. მაგალითად, ნინო კელენჯერიძეს დევნილების სტატუსი შეუჩერდა, რადგან აფხაზეთიდან დევნილი არ იყო, უბრალოდ სწავლობდა სუბტროპიკულში და ასეთმა ადამიანმა მიიღო ბინა", - აღნიშნავს აფხაზეთიდან დევნილი ვეფხია მიქაუტაძე.
სამმართველოსთან შეკრებილები სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებმაც მათ კითხვებზე პასუხი უნდა გასცენ.
დევნილები, რომლებიც ფართებს ელოდებოდნენ და საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ, ყოფილი კლინიკურის შენობაში დევნილთა შესახლების დღეს საპროტესტო აქციით იმუქრებიან.
ანა ჯანაშია
მასალის გამოყენების პირობები