ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "კუკესთან" ჩატარებული მატჩის მსაჯობას
უეფაში გაასაჩივრებს.
კლუბის ოფიციალური ფეისბუკ გვერდის ინფორმაციით, "ტორპედო" სადავოდ
მიიჩნევს ორ თერთმეტმეტრიანს და ორ არჩათვლილ გოლს.
"ტორპედო" ალბანურ "კუკესთნ" გუშინ გამართულ შეხვედრაში
0:2 დამარცხდა, თუმცა, ორი მატჩის ჯამში
ქუთაისურმა კლუბმა 5:4 მოიგო და პლეი ოფში თამაშის უფლება
მოიპოვა.
"მთავარი არის, რომ გადავლახეთ და გადავედით პლეი ოფში. ვულოცავთ
"კუკესს" გამარჯვებას, დაიმსახურეს",- განაცხადა "ტორპედოს" მთავარმა
მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა, მატჩის შემდგომ
პრესკონფერენციაზე.
ევროპა ლიგის მატჩი საქართველოს არც ერთი ტელეარხით არ
გადაცემულა.
კლუბის ინფორმაციით, მატჩის საქართველოში ტრანსლირება იმის გამო ვერ
მოხდა, რომ სიგნალის შესყიდვაზე არც ერთი ქართული კომპანია არ
დათანხმდა.
"მატჩის ტრანსლაციის უფლებებს მხოლოდ მასპინძელი კლუბი ფლობს,
"კუკესის" გადაწყვეტილებით მატჩის სიგნალი გასხვისდა კერძო
კომპანიაზე. ეს კომპანია მატჩის ტრანსლირებას თავდაპირველად ყიდდა 20
000 ევროდ, თუმცა "ტორპედოს" ჩარევის შემდგომ იგი წამოვიდა
მოლაპარაკებაზე და სიგნალის 6 000 ევროდ გაყიდვაზე თანხმობა
განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში
ვეცადეთ გაგვეხარებინა გულშემატკივარი და მატჩის ტრანსლაცია პირდაპირი
ეთერით შემდგარიყო, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერცერთ ქართულ კომპანიასთან
მოლაპარაკება ვერ შედგა... ყველამ უარი განაცხადა ქვეყნის ჩემპიონი და
ევროტურნირებზე ერთადერთი ქართული კლუბის ტრანსლაციის
ყიდვაზე",-ნათქვამია კლუბის ფესიბუკის ოფიციალურ გვერდზე.
უკვე ცნობილია, რომ პლეი ოფში "ტორპედო" ბულგარეთის "ლუდოგორეცს"
დაუპირისპირდება.
მასალის გამოყენების პირობები